პოლიტიკა
ალექსანდრე ანქვაბი: „არჩევნები აფხაზეთში რყევებს არ გამოიწვევს“

ankvab„აფხაზური საზოგადოება და პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ „მწიფეა“, რათა თავიდან იქნეს აცილებული რაიმე რყევები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს“, – განაცხადა რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა რუსულ გაზეთ „ნოვოე ვრემიასთან" ინტერვიუში.

„არჩევნები დაგეგმილ ვადაში გაიმართება, არანაირი რყევები აფხაზეთში არ იქნება, მიუხედავად ცალკეული ბნელი პროგნოზისა. ჩვენ საკმაოდ მომწიფებული საზოგადოება, საკმაოდ მომწიფებული პოლიტიკური ძალები და საკმაოდ დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობა გვაქვს“, – განაცხადა მან.

58 წლის ანქვაბი, რომელიც 2005 წლიდან აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო 2009 წლის დეკემბერში აფხაზეთის აწ გარდაცვლილი ლიდერის – სერგეი ბაგაფშის ხელახლა არჩევის შემდეგ – ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტობის ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატია.

თუმცა კითხვაზე – იყრის თუ არა იგი კენჭს 26 აგვისტოს არჩევნებში, ანქვაბმა პასუხზე უარი განაცხადა, აღნიშნა რა, რომ „ულამაზო“ იქნება ამაზე ახლა საუბარი, რადგანაც ბაგაფში „სულ ახლახან დავასაფლავეთ“.

პრეზიდენტობის კანდიდატების დასახელების ვადა 17 ივლისს იწურება.

კითხვაზე – რა გავლენა ექნება მომავალ არჩევნებს თბილისთან ურთიერთობაზე, ანქვაბმა განაცხადა, რომ „არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოვა ხელისუფლებაში აფხაზეთში, [საქართველოსთან] მშვიდობის შესახებ ხელშეკრულება მთავარი საკითხი იქნება“.

„მშვიდობის შესახებ ხელშეკრულება – ეს ჩვენი მომავალია, – განაცხადა მან, – ჩვენ კეთილმეზობლობაში გვინდა ცხოვრება, არ გვინდა ომი, არავისთან არ გვინდა ურთიერთობების გარკვევა... თუ ასეთივე კეთილი ნება იქნება საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, ამგვარ დოკუმენტს შეიძლება მოეწეროს ხელი“.

საქართველოზე საუბრისას ანქვაბმა თბილისში სპეცრაზმის მიერ 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევა გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს საზოგადოების „ღირსების შელახვა“ იყო.

„ჩვენთან ასეთი რამ არასდროს მომხდარა. და რისთვის გატარდა ეს „გადამწყვეტი ზომები?“ – აღლუმისთვის, ანუ პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ეს ხელმძღვანელობის სტილია. ამას საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში არ ვამბობ“, – განაცხადა ანქვაბმა.

ანქვაბის თქმით, გალის რაიონში „ვითარება უმჯობესდება“ და ხუთ წელიწადში მოხდება რაიონის ინტეგრირება აფხაზურ ეკონომიკაში.

„იქ ბევრი პრობლემაა, თუმცა არც ისეთი დრამატული, როგორც ამის წარმოჩენა საქართველოს და რამდენიმე სხვა ქვეყანას სურს“, – განაცხადა მან.

2005 წლის შემდეგ ანქვაბზე, სულ ცოტა, ოთხი თუ ხუთი თავდასხმა განხორციელდა. ბოლო თავდასხმა 2010 წლის სექტემბერში მოხდა.

2005 წლის თებერვალში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სოხუმის მახლობლად ცეცხლი გაუხსნეს ანქვაბის ესკორტს. იმ დროს ადგილობრივი ტელევიზია იტყობინებოდა, რომ მის მანქანას 17 ტყვია მოხვდა. თუმცა ანქვაბი, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, მისი მოადგილის მანქანაში იჯდა და არ დაშავებულა.

2005 წლის აპრილში ანქვაბი კვლავ უვნებელი გადარჩა, როდესაც სოხუმის მახლობლად მის ესკორტს ისევ გაუხსნეს ცეცხლი. ამჯერად ანქვაბის მძღოლი დაიჭრა.

2007 წლის ივნისში სოხუმსა და გუდაუთას შორის მდებარე გზაზე დისტანციური მართვის ნაღმი „ფუგასი“ აფეთქდა. მაშინ სოხუმში აცხადებდნენ, რომ ნაღმის სამიზნეს, რომელიც იმ ტრასაზე იყო დამონტაჟებული, სადაც ანქვაბის კორტეჟი რეგულარულად მოძრაობდა, სწორედ ანქვაბი წარმოადგენდა. მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ნაღმი შემთხვევით აფეთქდა, რის გამოც სავარაუდო ტერორისტული აქტი არ შედგა.

2007 წლის ივლისში ანქვაბის მანქანას, რომელიც იმავე მარშრუტით გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე გადაადგილდებოდა, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბმა მცირე დაზიანება მიიღო.

2010 წლის სექტემბერში ანქვაბი ხელისა და ფეხის არეში დაიჭრა მას შემდეგ, რაც ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი მისი კუთვნილი ორსართულიანი სახლის სახურავს მოხვდა.

არცერთი ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ.

„New Times“-თან ინტერვიუში ანქვაბმა განაცხადა, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და რომ ამ თავდასხმების უკან „შიდა“ აფხაზური ძალები დგანან, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.