აქტუალური
"რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში" - დმიტრი მედვედევი

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი კვლავ აცხადებს, რომ რუსეთს "წინასწარ განსაზღვრულ სიტუაციებში" აქვს უფლება, გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტში დმიტრი მედვედევი წერს, რომ რუსეთი განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, თუ "უკრაინის რეჟიმი ჩაიდენს მასშტაბური აგრესიის აქტს", რომელიც საფრთხეს შეუქმნის რუსეთის სახელმწიფოს არსებობას.

"ვფიქრობ, რომ ასეთი განვითარების შემთხვევაშიც კი, ნატო პირდაპირ არ ჩაერევა კონფლიქტში. ვაშინგტონის, ლონდონის, ბრიუსელისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის უსაფრთხოება ხომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უსარგებლო, მომაკვდავი, თუნდაც სხვადასხვა იარაღით მომარაგებული უკრაინის ბედი", - წერს მედვედევი.

მანამდე რუსეთის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით დაიმუქრა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთისა და მისი ხალხისადმი მუქარასა და „ბირთვულ შანტაჟში“ დაადანაშაულა.

„ეს არ არის ბლეფი“, - განაცხადა პუტინმა. მას რუსეთის არსენალში არსებული კონკრეტული შეიარაღება, მათ შორის, ბირთვული იარაღი არ უხსენებია, თუმცა, კიდევ ერთხელ გაიმეორა სიტყვები „ყველა არსებული საშუალებით“ და დაამატა, რომ, ვინც ბირთვული იარაღით რუსეთის დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ქარმა შეიძლება მათი მიმართულებით დაუბეროს.

წყარო: რადიო თავისუფლება