უცხოეთი
რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები აშკარაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. საარჩევნო კომისიებმა წუხელ გამოაცხადეს 5-დღიანი რეფერენდუმების საბოლოო შედეგები, რომელთა თანახმად, ოქმების 100%-ის შეჯამებით, ზაპოროჟიეში, ამ ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა 93.11%-მა, ლუგანსკში - 98.42%-მა, დონეცკში - 99.23%-მა და ხერსონში - 87.05%-მა. საარჩევნო კომისიების მტკიცებით, ლუგანსკში რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 1 662 607-მა ამომრჩეველმა (94.15%), ზაპოროჟიეში 541 093-მა (85%), დონეცკში 2 131 207-მა (97.51%) და ხერსონში 571 001-მა(78.86%).

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ტელეგრამ-არხზე დაწერა: რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები აშკარაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!“. რუსეთთან შეერთების საკითხს სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს განიხილავს რუსეთის ფედერაციის საბჭო. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ლეონიდ პასეჩნიკმა პრეზიდენტ პუტინს მიმართა, რომ ლუგანსკი რუსეთის შემადგენლობაში მიიღოს რეფერენდუმის დასრულებიდან მეორე დღესვე, 28 სექტემბერს.