უცხოეთი
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის რეგიონები, სადაც “რეფერენდუმი“ მიმდინარეობს, მოსკოვის „სრული დაცვის ქვეშ” იქნება

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ოთხი რეგიონი, სადაც “რეფერენდუმი“ მიმდინარეობს, მოსკოვის "სრული დაცვის" ქვეშ იქნება, თუ ისინი რუსეთის მიერ იქნება ანექსირებული. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვს მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ექნება თუ არა რუსეთს საფუძველი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის უკრაინის ანექსირებული რეგიონების დასაცავად.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა კი დასძინა, რომ რუსეთის ტერიტორია - მათ შორის ტერიტორიები, რომლებიც მომავალში რუსეთის კონსტიტუციაში იქნება დაცული - "სახელმწიფოს სრული დაცვის ქვეშაა".

„რუსეთის ფედერაციის ყველა კანონი, დოქტრინა, კონცეფცია და სტრატეგია ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე”, - განაცხადა ლავროვმა და მიუთითა რუსეთის დოქტრინაზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

interpressnews.ge