აქტუალური
ერთთეთრიანს „მაკარისეული“ ძალა უბრუნდება

xurdaახლო მომავალში საკანონმდებლო ორგანო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვას დაიწყებს, რომელთა თანახმად, სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისას ხურდის დაბრუნება 1 თეთრის სიზუსტით უნდა მოხდეს. კანონის დამრღვევ ფიზიკურ პირს ადმინისტრაციული სასჯელის სახით 200 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო იურიდიული პირს – 400 ლარის. სავაჭრო ობიექტი, ასევე, დაჯარიმდება მოძველებული ფულის მიუღებლობის შემთხვევაში. ცვლილებების ავტორი საქართველოს ეროვნული ბანკია, რომელიც ამ ინიციატივის საფუძვლად მომხმარებელთა უფლებების დაცვას ასახელებს.

ეროვნულ ბანკში იმასაც ამბობენ, რომ ხურდის ერთთეთრიანი სიზუსტით დაუბრუნდებლობის გამო, საბოლოო ჯამში, მეწარმეები თუ სავაჭრო ობიექტების მფლობელები საკმაოდ სოლიდურ თანხას იდებდნენ ჯიბეში. თუმცა თუ გავითვალიწინებთ ჯარიმის ოდენობას, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ინიციატივის საფუძველი არა მომხმარებელთა უფლების დაცვა, არამედ მეწარმეთაგან ბიუჯეტისთვის დამატებითი თანხების მოზიდვის შესაძლებლობის გაჩენა იყოს.