საზოგადოება
მაკა ბოჭორიშვილი: გადაწყვეტილება როდის იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, არ კონკრეტდება, ეს დიდწილად დამოკიდებულია ჩვენზე

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროგრესი შეფასდება გაფართოების ანგარიშის ფარგლებში მომავალ წელს - გადაწყვეტილება როდის იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, არ კონკრეტდება, ეს დიდწილად დამოკიდებულია ჩვენზე,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო- ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ანგარიში არის იმ ქვეყნებისთვის, ვისაც მინიჭებული აქვს კანდიდატის სტატუსი და საქართველოც ამ ანგარიშის ნაწილი იქნება.

"რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, არაერთი გზავნილი მოვისმინეთ და ძირითადად აქცენტი კეთდება ანგარიშზე, რომელიც მომზადდება მომავალ წელს, ეს არის გაფართოების ანგარიში იმ ქვეყნებისთვის, ვისაც აქვთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საუბარია პროგრესის ანგარიშზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის, საქართველო იქნება ამ ანგარიშის ნაწილი და პროგრესიც ამიერიდან შეფასდება სწორედ გაფართოების ანგარიშის ფარგლებში. გადაწყვეტილება როდის იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ამაზე კონკრეტიკა არ კეთდება, ეს დიდწილად ჩვენზეც არის დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებულია წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ, რომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ შედეგი რეკომენდაციების შესრულების კუთხით, არამედ პროცესიც.

მოვისმინეთ მოწოდებები ევროპელი კოლეგებისგან, რომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ შედეგები, რომელსაც პარლამენტში მივაღწევთ, არამედ თავად პროცესიც, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც პარლამენტის წევრია და მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ პროცესში, რაც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების ნაწილი ამ პროცესში მონაწილეობაზე კვლავ უარს აცხადებს და აბსოლუტურად გაუგებარია, რა მოტივი ამოძრავებთ, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებენ. ფაქტია, მმართველმა გუნდმა შექმნა ყველა პირობა, პარლამენტში არის შექმნილი ყველა პირობა იმისთვის, რომ პარლამენტის ყველა წევრს შეეძლოს მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ ფორმატში, სადაც განიხილება საქართველოს მომავალი. არ არსებობს მექანიზმი, რითაც ვაიძულებთ რომელიმე პარლამენტის წევრს მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფებში, თუკი მას ეს არ სურს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი ნება, თუკი ასეთი გადაწყვეტილებით მოქმედებენ, ის პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიარონ რაც ეკისრება თითოეულ პოლიტიკოსს საქართველოს მოქალაქეების წინაშე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტში საქართველო- ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-11 შეხვედრა იმართება, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.