საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.