აქტუალური
ნორვეგიული ფირმა აჭარაში ჰესების კასკადს ააგებს

kaskad_gesსაქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ნორვეგიულ კომპანია „Clean Energy Invest AS“-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც მდინარე აჭარისწყლის ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების მიზნით ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას ითვალისწინებს.

„Clean Energy Invest“-ის ცნობის თანახმად, პროექტი ითვალისწინებს 128 მეგავატი სიმძლავრის ოთხი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ინვესტიციის საერთო მოცულობა 314.3 მილიონი აშშ დოლარი იქნება. კომპანია გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილის ექსპორტს გეგმავს თურქეთში.

ნორვეგიული კომპანიის ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტში მისი პარტნიორია საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), რომელიც პროექტის ხარჯების დაახლოებით 20 პროცენტს დაფარავს.

„წინასამშენებლო ფაზას, სავარაუდოდ, 15 თვე დასჭირდება, ხოლო მშენებლობის ეტაპს – 2 წელი და 9 თვე“, – იტყობინება „Clean Energy Invest“.