სამართალი
“მოვითხოვთ მშვიდობას” – აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მანიფესტი

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ათეულობით აქტივისტი, მკვლევარი და სხვა პროფესიის მოქალაქე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთობლივ მანიფესტს აქვეყნებს, სადაც შეშფოთებას გამოხატავენ “სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის უკანასკნელი თავდასხმის გამო” და მშვიდობას მოითხოვენ. მანიფესტზე ხელმოწერები გრძელდება.

“ჩვენ, ადამიანები, რომელთაც პოსტსაბჭოთა სივრცესა და მეზობელ რეგიონებში მშვიდობა გვსურს, ჩვენს ქვეყნებს შორის იმპერიალისტურმა შეჯიბრმა და დაუსრულებელმა ომებმა გადაგვღალა.

შეშფოთებული ვართ სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის უკანასკნელი თავდასხმით. ამასთან, სერიოზულ მღელვარებას იწვევს ახალი სამხედრო მოქმედებები ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასაზღვრო რეგიონებში, რომელსაც შესაძლო ესკალაციის გამოწვევა შეუძლია არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ფარგლებში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა კონფლიქტების მიმართულებით.

ყარაბაღის მეორე ომი საშინელი დარტყმა იყო, რომლის გამოც დღემდე ვერ გამოჯანმრთელდა ვერც სომხური და ვერც აზერბაიჯანული საზოგადოება. ბოლოს და ბოლოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ კონფლიქტის გადაჭრა სამხედრო გზით შეუძლებელია, ძალადობა და ტანჯვა, რომელიც ამას მოჰყვება, კიდევ უფრო აშორებს ამ ქვეყნების საზოგადოებებს. მოხარული ვართ, რომ 15 სექტემბერს შეჩერდა ძალადობა და მოვითხოვთ მოლაპარაკებების გაგრძელებას.

აზერბაიჯანულმა მხარემ უნდა გაიაზროს, რომ არც “დერეფნების” გახსნა და არც სამშვიდობო შეთანხმება არ მიიღწევა სამხედრო აგრესიის გზით. შეუძლებელია, ვინმეს მშვიდობა აიძულო. თავის მხრივ, სომხეთის ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ის, რომ 30 წელზე მეტია, სომხეთი დესტრუქციულ პოლიტიკას ატარებდა და კონფლიქტის სწრაფი მოგვარების სურვილი არ ჰქონია. მათ სინდისზეა ათასობით აზერბაიჯანელის იძულებით გადაადგილება.

ჩვენ აღარ გვაქვს რესურსი, მოვითმინოთ ხელისუფლების უუნარობა ან სურვილის არქონა, რომ პრობლემები არაძალადობრივი გზით გადაჭრას და ადამიანების სიცოცხლე პრიორიტეტად აქციოს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე რამდენიმე ათწლეულია ძალადობას ვუყურებთ. ჩვენ არ ვითხოვთ, ჩვენ მოვითხოვთ მშვიდობას!

საერთაშორისო აქტორებისგან კი ვითხოვთ, რომ მოლაპარაკებებზე მათი ხმა ისმოდეს, ვისაც უშუალოდ შეეხო კონფლიქტი, და ასეთ ჯგუფებს შორის მოლაპარაკებები და ადამიანების უსაფრთხოების საკითხების განხილვას ჰქონდეს, სულ მცირე, ისეთივე მნიშვნელობა, რა მნიშვნელობაც ენიჭება ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებებს”.

13-15 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს, ჯამში, ორივე მხრიდან დაახლოებით 210 მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შეტაკებების დროს, სომხური მხარის თანახმად, აზერბაიჯანმა დაბომბა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია. აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებს უწოდებს საზღვარზე მომხდარ პროვოკაციაზე საპასუხო ნაბიჯებს.