საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები სვამენ კითხვებს იმ პირთა მოტივის შესახებ, "რომლებიც განაგრძობენ ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან". ამის შესახებ კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: ვინ და რა დგას “ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების თავდასხმების უკან და ხომ არ ჰქონია კომუნიკაცია ხელისუფლების პირველ პირებთან?
როგორც დეგნანი ინტერვიუში აღნიშნავს, არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას მმართველი პარტია და მთავრობა.
„არაერთი მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან მისვამს შეკითხვებს იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც განაგრძობენ ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან. აგრეთვე არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ მმართველი პარტია და მთავრობა, რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას. ჩნდება კითხვები იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც ცდილობენ დაბნეულობის დათესვას და საზოგადოების უფრო მეტად გახლეჩას. ვფიქრობ, რეალური კითხვა შემდეგში მდგომარეობს - რა მიზანს ემსახურება ეს, მიზნად ხომ არ ისახავენ სცადონ, ზიანი მიაყენონ იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს უკვე 30 წელია. ჩვენ ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ და ვაგრძელებთ ბევრი მიმართულებით მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას მთავრობასთან და პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროში. იქნება ეს თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ სხვა. როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ვხვდები, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავლისთვის. კვლავ ვიმეორებ - ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წუთებია. მას აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ეს ისეთი რამეა, რასაც გასულ წელს ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც მთავრობა და ვერც ხალხი. ახლა კი დროა ყველამ ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და დაანახოს ევროკავშირს, რომ საქართველოს განსხვავებების მიუხედავად შეუძლია გაერთიანება და ამის ქვეყნის მომავლის პრიორიტეტად ქცევა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ძალისხმევა, წარმოაჩინოს საქმე ისე, რომ ცნობილი ქართველი პარლამენტარების განცხადებები მხოლოდ ოთხი ადამიანის ბოდვაა, კიდევ უფრო დიდ ამრეზილობას იწვევს ამერიკის საელჩოს მიმართ საქართველოს მოსახლეობაში. სიმართლის უარყოფა არ გამოვა! მთელმა საქართველომ იცის, რომ ოთხი დეპუტატი უბრალოდ ახმოვანებს რეალურ, საქართველოში ცნობილ ფაქტებს, რომელთაგან ბევრი ადრე საქინფორმმა გაასაჯაროა. მაგრამ აშშ-ის ელჩი იგნორირებას უკეთებს როგორც პარლამენტარებს, ასევე წამყვან ქართულ საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტოს, არ ცნობს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის „ღირსად“. და კიდევ იმიტომ, რომ საპასუხო არაფერი აქვს...