რელიგია
ერთობლივი კომუნიკე

ilia_gareginiჩვენ, სომხეთისა და საქართველოს ეკლესიათა მეთაურებმა, 2011 წლის 11 ივნისს ქ.თბილისში მივაღწიეთ შეთანხმებას ურთიერთგაგებისა და ქრისტესმიერი სიყვარულით თანამშრომლობის შესახებ და ვაცხადებთ შემდეგს:

საქართველო და სომხეთი უძველესი კულტურისა და ისტორიის ქვეყნებია, სადაც ქრისტიანობა I საუკუნეში მოციქულებმა იქადაგეს.

ჩვენს ხალხებს ათასწლეულთა მანძილზე უხდებოდათ ბრძოლა გადარჩენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის და ამ ბრძოლაში ერთმანეთის გვერდზე ხშირად ვიდექით.

კეთილმეზობლური და მეგობრული დამოკიდებულება დღესაც გრძელდება, რისი დადასტურებაცაა ყოველთა სომხთა პატრიარქ-კათოლიკოსის და თანმხლები პირების ამჟამინდელი ვიზიტი საქართველოში;

ამ ვიზიტმა წარმოაჩინა, რომ ჩვენს შორის ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო ვითარდება და ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის და სომხეთში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული სტატუსის თანაზომიერ განსაზღვრას; ასევე საქართველოში სომხური (გრიგორიანული) ტაძრების, ხოლო სომხეთში ქართული (დიოფიზიტური) ტაძრების პარიტეტულ საწყისებზე ამოქმედებას, _ გახსნას.

ზემოაღნიშნულის გადაწყვეტის მიზნით საჭიროდ მიგვაჩნია:

შეიქმნას ეკლესიათშორისი ორმხრივი კომისია;

ეთხოვოს საქართველოსა და სომხეთის ხელისუფალთ, ხელი შეუწყონ წინამდებარე კომუნიკეს დროულად განხორციელებას.

 

ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსი, უწმინდესი გარეგინ II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნატარესი ილია II