საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 16 სექტემბერს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა დიდი უმრავლესობისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის მიზნად რჩება. თუმცა, კვლევა ასევე ასახავს რესპონდენტთა მზარდ იმედგაცრუებას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტებით. გამოკითხულთა 92% ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, ხოლო 62% ამბობს, რომ საქართველო ამჟამად არ არის დემოკრატიული სახელმწიფო.
კვლევა NDI-ისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2022 წლის 14 ივლისი – 15 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 104 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების თქმით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-2%-ია.
კვლევის თანახმად, მიუხედავად მცირედი კლებისა, რესპონდენტების 75% მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მთავარ დაბრკოლებას პოლიტიკური ნების არარსებობა წარმოადგენს, 11%-დან 25%-მდე გაიზარდა და რესპონდეტების მიერ დასახელებულ მთავარ დაბრკოლებად იქცა. წინა კვლევებში, ასეთი მთავარი დაბრკოლება ტერიტორიული მთლიანობის არარსებობა იყო (36%).
ანალოგიურად, გამოკითხულთა 69% ნატოში გაწევრიანებას ემხრობა. უმეტესობა რუსეთს და ოკუპირებულ რეგიონებს მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ რესპონდენტების 62%-ს ჰქონდა ინფორმაცია ევროპული საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეფორმების განხორციელებამდე გადადო. 56%-მა საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა იმის გამო, რომ მან საკმარისი არ გააკეთა სტატუსის მოსაპოვებლად.
კვლევის თანახმად, მართალია გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ კანდიდატობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება მნიშვნელოვანია, მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ ხელისუფლება დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მხოლოდ მესამედს მიაჩნია, რომ ხელისუფლება მათ პროცესში ჩართავს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62%-მა განაცხადა, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული სახელმწიფო, ხოლო 56%-მა აღნიშნა, რომ ქვეყანა არ წარმოადგენს კარგ მაგალითს მეზობლებისთვის.
ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ.
ამ კონტექტსში, რესპონდენტების 56%-ს არ მიაჩნია, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იღებს კანონებს, ხოლო 54%-ს არ მიაჩნია, რომ დეპუტატი რაიმეს მოქმედებს, თუ მოქალაქე მათ რაიონში არსებული პრობლემების შესახებ მიაწვდის მას ინფორმაციას. მხოლოდ ერთი მესამედი ფიქრობს, რომ პარლამენტს რეგულარული კომუნიკაცია აქვს საზოგადოებასთან.
კვლევაში ნათქვამია, რომ პოლარიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება და რომ მოქალაქეები ამბობენ, რომ „დემოკრატიული ინსტიტუტების უმეტესობა საზოგადოებას ხლეჩს“.
რესპონდენტებმა ის ძალები დაასახელეს, რომლებიც ქვეყანას ყოფენ, მათ შორის პოლიტიკოსები – 87%, ქვეყნის ხელმძღვანელობა – 79%, რუსეთი – 83%, ქართული მედია – 82% და ეკონომიკური სისტემა – 80%.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს. „ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოსახლეობა ფიქრობს, რომ კრიმინალთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. ამასთან, მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება, რაც „პარტიებისთვის თანამშრომლობისა და საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის სტიმული უნდა გახდეს“.
მომავალზე საუბრისას, მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას (66%), პრორუსული ძალების გააქტიურებას (58%), რუსულ სამხედრო აგრესიას (49%) და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას (44%) ელის.