საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ უკანონო ფარული მოსმენების სისტემაში 2000 ოპერატიული მუშაკია ჩართული. გოგაშვილის მტკიცებით, სუსი VIP პერსონების კრებსებს პირადად ბიძინა ივანიშვილს უგზავნის.
“მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ნაცების პერიოდს. ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ. მრწამსისა. ისმინება არა მხოლოდ ე.წ. მთავარი ობიექტი, არამედ მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა, რადგან ყველა ერიდება ტელეფონში რაიმე მნიშვნელოვანის თქმას. თუმცა, თუ ობიექტი მის ახლობელს ეტყვის რაიმეს საიდუმლოდ, ამ უკანასკნელმა შეიძლება ვინმეს ტელეფონით გაუმხილოს, რაც ოტოს აძლევს საშუალებას გაიგოს, რას ფიქრობს მთავარი ობიექტი. ივანიშვილი მოსმენებისათვის იყენებს არა მარტო სუსს, არამედ შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას. საბოლოოდ, უკანონო მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკი. თითოეულ მათგანს საშუალოდ ჩართული ჰყავს 50 ობიექტი, ერთდროულად შესაძლებელია დაახლოებით 100 000 ადამიანის მოსმენა”, – აცხადებს გოგაშვილი.
მისი თქმით, მოსმენებზე პაუსხიმეგებელ ორგანოს, ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს, იგივე ოტოს პერიოდულად ამოწმებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თუმცა ეს ფიქტიურია.
“ინსპექტორი წინასწარ უკავშირდება სუსის უფროსსა და აფრთხილებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. სუსის უფროსი თავის მხრივ აფრთხილებს ოტოს უფროსს და გეგმური შემოწმების დროს უკანონო მოსმენები ჩერდება. ამ პერიოდში უსმენენ მხოლოდ განჩინებით, ,,შემოწმება’’ გრძელდება დაახლოებით ორი კვირა. გარდა ჯი ეს ემ (GSM) ქსელიების მოსმენისა, ოტო უკანონოდ უსმენს ვირუსების საშუალებით სხვადასხვა აპლიკაციების, კომპიუტერების, ლეპტოპების, ასევე შეიძლება ოფისების უკანონო აღჭურვა. კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, ენჯეოების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიების და ა.შ. ე.წ ,,ვიპ პერსონების’’ საუბრებს ოტო უგროვებს ივანიშვილს და ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის მას”, – ამბობს გოგაშვილი.
გოგაშვილის განცხადებით, სუს-ში მუშაობისას ერთ-ერთ თანამშრომელი ამ კრებსებს მას უგზავნიდა, რომელსაც ამუშავებინებდა სპეციალურ ჯგუფს და ყოველ მეორე დღეს “ატანდა ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ-მინისტრთან. რა თქმა უნდა, გომელაური იღებდა სრულ პატაკს”.
“ივანიშვილი, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გვაძლევდა მითითებებს (სუსსა და პარტიას), რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა. ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში ჩაგვრთო და გაგვსვარა ყველა პრემიერიდან დაწყებული რიგითი ოტოშნიკით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს, არიან ადამიანები, ვინც ამას დაადასტურებენ”, – აცხადებს გოგაშვილი.
2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებზე, „კრებსებზე“, რაც მოიცავს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილს, სუს-ში უკანონო მოსმენებს უარყოფენ.
გავრცელებულ ფაილებში არის ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია. ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.