საზოგადოება
კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაშია წასული

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. კვლევითმა ცენტრმა PMC 13 სექტემბერს ახალი კვლევა გამოაქვეყნა სახელწოდებით „ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე“, რომლის თანახმადაც 2010-2020 წლების პერიოდში, ქართველი ემიგრანტების რიცხვი 7%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის 23% ემიგრაციაშია წასული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „უკანასკნელ ათწლეულში საქართველოდან ემიგრაციული ნაკადები შესამჩნევი იყო, ხოლო ეკონომიკური დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე – მაღალი“.

კვლევის თანახმად, ქართველი შრომითი ემიგრანტების დიდი წილი არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს მიმღებ ქვეყანაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოდან წასული ემიგრანტების მთავარი მოტივაციაა საქართველოში მყოფი ოჯახებისთვის ფულის გამოგზავნა, რათა უზრუნველყონ მათი საცხოვრებელი პირობები.

კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ემიგრაციის პიკი 2019 წელზე მოდის, რაც შესაძლოა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიღწეულ უვიზო რეჟიმს უკავშირდებოდეს.

ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 000 ადამიანი), რომელსაც მოყვება საბერძნეთი (85 000), უკრაინა (65 000), აზერბაიჯანი (49 000), აშშ (39 000), სომხეთი (38 000), გერმანია (25 000), იტალია (16 000) და სხვა ქვეყნები (93 000).

გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).

ემიგრანტების დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კვლევა ხაზს უსვამს, რომ ფულად გზავნილებს „ძლიერი გავლენა“ აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. 2021 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 2.35 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ია. 2012 წლიდან მოყოლებული, ფულადი გზავნილების მოცულობა 76%-ით გაიზარდა.

კვლევაში ნათქვამია, რომ თუ ფულად გზავნილებზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მაჩვენებელს შევადარებთ, შემდეგი სურათი იკვეთება – 2020 წელს საქართველომ 23-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოში ფულადი გზავნილების მშპ-სთან თანაფარდობით და მეორე ადგილი – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, მოლდოვას შემდეგ.

დოკუმენტის თანახმად, ბოლო ათწლეულში რუსეთი საქართველოში ფულადი გზავნილების მთავარ კონტრიბუტორად რჩება, რომელსაც მოყვება იტალია, აშშ და საბერძნეთი. თუმცა კვლევაში ნათქვამია, რომ 2012 წლის შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 45%-ით შემცირდა და 0.41 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, გაიზარდა გზავნილები აშშ-დან 284%-ით და სხვა სახელმწიფოებიდან 310%-ით.

კვლევის თანახმად, ბოლო ათწლეულში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ქართველი ემიგრანტების რაოდენობის კლებასთან ერთად ფულად გზავნილებში მათი წილიც შემცირდა. ამასთან, გაიზარდა ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების წილი. 2012 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნების წილი ფულად გზავნილებში 59%-ს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს – 27%-ს. იმავდროულად, ევროკავშირის წილი 25%-დან 41%-მდე გაიზარდა.