სამართალი
შალვა პაპუაშვილმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა.

ამის შესახებ პაპუაშვილმა დღეს გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა კანონის ამოქმედებას.

დღეს ხელი მოვაწერე კანონს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც იცით, პრეზიდენტმა ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოიყენა ვეტო, რომელსაც მან პოლიტიკური ვეტო უწოდა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ არ ჰქონდა ამ კანონის მიმართ სამართლებრივი შენიშვნები, თუმცა მისი მიღება პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიაჩნდა, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან ესმოდა კრიტიკა ამ კანონის განხილვის პროცესის ტემპისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მიმართა ვენეციის კომისიას, რათა მას მიეწოდებინა საკუთარი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. 26 აგვისტოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა თავისი მოსაზრებები. ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო.

ახლა კი შევხედოთ ფაქტებს: 1. ცვლილების პროექტი ინიცირებული იყო 2022 წლის 13 აპრილს. ინიციატორებს არ მოუთხოვიათ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, შესაბამისად, მისი განხილვა მიმდინარეობდა სტანდარტული წესით. მეტიც – პროექტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესისა და ჩვენი პარტნიორების თხოვნით, განხილვის პროცესი სამი კვირით გახანგრძლივდა. საბოლოოდ, პარლამენტმა კანონი ინიცირებიდან ორ თვეში, ხოლო ვეტოს დაძლევის გათვალისწინებით ხუთ თვეში მიიღო, რაც ყველაფერია, გარდა სიჩქარისა. 2. კანონპროექტის განხილვაში, როგორც თავდაპირველ პროცესში, ისე ვეტოს დაძლევის ეტაპზე, ჩართული იყო ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყება, ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა დაინტერესებული საერთაშორისო აქტორი. პროექტი განიხილებოდა არა მხოლოდ საკომიტეტო ფორმატში, არამედ სამუშაო შეხვედრებზეც, მათ შორის, ევროკავშირის ექსპერტებთან ონლაინ კონფერენციის რეჟიმში. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა და საკმარისი დრო, წარმოედგინა შინაარსობრივი შენიშვნები ამ პროექტის რომელიღაც ევროპულ თუ საერთაშორისო უფლებრივ სტანდარტთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით. არ არსებობს დაინტერესებული ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ მას ჰქონდა განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი და ამის შესაძლებლობა არ მიეცა, რაც ყველაფერია, გარდა არაინკლუზიურობისა. 3. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის ინიცირებიდან ხუთი თვის თავზეც კი არ არის წარმოდგენილი რაიმე შინაარსობრივი შენიშვნა, რომელიც თუნდაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ამ კანონის შესაბამისობას რომელიღაც უფლებრივ სტანდარტთან. პირიქით – ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებთან თუ საერთაშორისო აქტორებთან მსჯელობის პროცესში დადასტურდა, რომ აღნიშნული კანონი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

ვეტოს განხილვის პროცესმაც დაადასტურა, რომ რამდენიმეჯერ დასმულ შეკითხვაზე, რომელ უფლებრივ სტანდარტს არღვევს მოცემული კანონი, პასუხი არ არსებობდა. საბოლოოდ, ერთადერთი მოსაზრება, რაც გვესმის, ეხება კანონის მიღების მიზანშეწონილობას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ხელისუფლების განმახორციელებელი უმაღლესი ორგანო, რომელიც, ამავე დროს, განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის, პოლიტიკის განსაზღვრის ეს მიმართულება ეხება საგამოძიებო მოქმედების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საკითხს. შესაბამისად, ამა თუ იმ კანონის მიღების მიზანშეწონილობის საკითხი სრულად წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას. პარლამენტმა, საბოლოო ჯამში, ხუთი თვე იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და 6 სექტემბერს საბოლოოდ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, მათ შორის, კანონის მიღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამიტომ, არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას. აქედან გამომდინარე, ამ კანონს ხელი მოვაწერე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.