საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. კანონმდებლობის დონეზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის გათვალისწინებით, იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე.
ასევე, ცვლილებებით იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ტერორიზმისკენ მოწოდებას შეიცავს.
კანონპროექტში განმარტებულია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, როგორც წესი, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების, ისევე როგორც პასუხის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ რეგულირდება.