სამართალი
საქართველომ ორ ქვეყანაში “სუკ”-ის აგენტები დანიშნა ელჩებად – გოგაშვილი

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საქართველომ ორ ქვეყანაში დანიშნა ელჩები, რომლებიც აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდნენ. ამის შესახებ განცხადება გოგაშვილმა 13 სექტემბერს გაავრცელა.

კერძოდ, მისი თქმით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სუს-ში გააგზავნეს საზღვარგარეთ ელჩობის კანდიდატების მონაცემები, რათა გადაემოწმებინათ, ირიცხებოდა თუ არა კონკრეტული პირი სუს-ის “აგენტურულ ბაზაში” ან ჰქონდა თუ არა საეჭვო კავშირები მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან. გოგაშვილის თქმით, მან აღმოაჩინა, რომ ორი კანდიდატი “აგენტურულ ბაზაში” ირიცხებოდა, რის შემდეგაც გოგაშვილმა ისინი დაბლოკა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ბრძანების შემდეგ მათ კანდიდატებზე დადებითი პასუხი მიაწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს.

“ჩემი სუს-ში მუშაობის პერიოდში, საგარეოდან კონტრდაზვერვაში გადმოიგზავნა სტანდარტულად ელჩად დასანიშნი კანდიდატების სია. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხება აგენტურულ ბაზაში (სუკი [სახელმწიფო უშიშრეობის კომიტეტი საბჭოთა კავშირში]), შესაბამისად მე გადავეცი დავალება შეეჩერებინათ მათი დანიშვნა, დანარჩენების სია კი გადავაგზავნე საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დაბლოკილმა კანდიდატებმა გაჭიანურების შემდეგ მოიკითხეს საგარეო საქმეთა სამინისტროში თუ რა ხდებოდა, სადაც უთხრეს, რომ გოგაშვილმა დაბლოკა ისინი. მათ ბუნებრივია შეაწუხეს თავის “პატრონი”, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი ატეხა, დაურეკა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს.

დამიბარა ჩემმა უფროსმა, გომელაურმა და მომთხოვა თუ რა მიზეზით მყავდა დაბლოკილი ელჩობის კანდიდატები. “შეფმა ცალკე დამირეკა და კვირიკაშვილმა ცალკე ამ საქმეზეო” – თქვა გომელაურმა. ერთის რეკომენდატორი ყოფილა გოგა ხაინდრავა და დეტალურად გამირკვიე რა ხდებაო. მე მას ყველაფერი ავუხსენი და გავაცანი ოპერატიული ცნობა აგენტების შესახებ. მან მითხრა, რომ ცნობა დამეხია და ორივეზე გამეშვა თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რაც მე შესაბამისად შევასრულე”, – ნათქვამია გოგაშვილის განცხადებაში.

გოგაშვილი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ელჩების ხელახლა დანიშვნის პერიოდი მალე დადგება. გოგაშვილი არ ასახელებს ელჩების ვინაობას, თუმცა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ სურვილის შემთხვევაში ვინაობას გაუმხელს პრეზიდენტის წარმომადგენელს და დეპუტატებს, ვისაც მსგავს ინფორმაციაზე აქვთ წვდომა.

გოგაშვილის განმარტებით, კონკრეტულ ქვეყანაში ელჩობის ან დიპლომატიური სტატუსის მქონე ნებისმიერი კანდიდატის წარდგენამდე საგარეო საქმეთა სამინისტრო სუს-ში აგზავნის დასანიშნს კანდიდატთა სიას. მისი თქმით, სუს-მა “ყველანაირად” უნდა გადაამოწმოს კანდიდატი,

“ასევე, დამატებით ვალდებულებას ანიჭებს “თავისუფლების ქარტიაც”, თუ კანდიდატი ირიცხება სუს-ის აგენტურულ ბაზაში ან აქვს საეჭვო კავშირები მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, ის დაუყოვნებლივ იბლოკება და შემდეგ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები”, – განმარტავს გოგაშვილი.

ნეტგაზეთი აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას მოიკითხავდნენ. ასევე ვცდილობდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებასაც, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ნეტგაზეთმა ასევე მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც, დაინტერესდებიან თუ არა გოგაშვილის გავრცელებული ინფორმაციით. ადმინისტრაცია საკითხის გადამოწმებას შეგვპირდა.

წყარო: ნეტგაზეთი