უცხოეთი
მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის მომავალი მოთხოვნა უკრაინის "ტოტალური კაპიტულაციაა"

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, პარტია „ედინაია როსია“-ს თავმჯდომარე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინისადმი რუსეთის ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ არის „საბავშვო მოთელვა მომავალი მოთხოვნების წინ“.

მედვედევი ტელეგრამ-არხით ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, როგორც თავად უწოდებს, „ვინმე ზელენსკის“ განცხადებას, რომ დიალოგი არ იქნება მასთან, ვისაც ულტიმატუმები აქვს. მედვედევის თანახმად, ზელენსკიმ იცის რუსეთის მომავალი მოთხოვნები - „კიევის რეჟიმის ტოტალური კაპიტულაცია რუსეთის პირობებით“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობის ვერანაირ სურვილს ვერ ხედავს. ზელენსკის თქმით, მისი პრინციპია, არ ელაპარაკოს არავის, ვინც ულტიმატუმებს აყენებს.

რუსეთმა, პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", რომლის მიზნად გამოცხადდა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ექსპერტთა შეფასებით, ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის ბოლოდროინდელმა, წარმატებულმა კონტრშეტევამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი მიაღწევს ადრე გამოცხადებულ მიზნებს - სრულ კონტროლს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე.

დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ისგან მიღებული შეიარაღების დახმარებით, უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველი დღეებიდან წამოიწყო წარმატებული კონტრშეტევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხარკოვის ოლქში. 11 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ გათავისუფლებულია 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. უკრაინამ ნახევარი წლის წინ დაკარგული კონტროლი დაიბრუნა სხვადასხვა, მათ შორის, იზიუმის და ბალაკლეის რაიონებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".

radiotavisupleba.ge