პოლიტიკა
ევროკავშირმა რუსეთში გამართულ სამიტზეც გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა

Herman-van-Rompuy-2ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ 10 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში ევროკავშირი-რუსეთის სამიტის დასასრულს კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ევროკავშირის პოზიცია საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უწყვეტი მხარდაჭერის შესახებ და 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და მისი თანმხლები ღონისძიებების სრული განხორციელების შესახებ“, – განაცხადა ჰერმან ვან რომპუიმ თავის გახსნით სიტყვაში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები „წლების განმავლობაში საუკეთესო დინამიკაში იმყოფება“.

რომპუის თქმით, ეს ურთიერთობები ძლიერ ნდობასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება.

ევროპარლამენტმა 9 ივნისს ევროკავშირი-რუსეთის სამიტის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოუწოდებს რუსეთს, „პატივი სცეს იმ შეთანხმებებს, რომელთაც ხელი მოაწერა, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ყველა ვალდებულება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა ამ ტერიტორიებზე“.

რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს ევროკომისიას, „დაარწმუნოს რუსეთი, შეწყვიტოს პასპორტების გაცემა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის“.

ნიჟნი ნოვგოროდში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ასევე, განხილულ იქნა „მთავარი რეგიონული კონფლიქტები“ , რომელთა შორის მან ჩამოთვალა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული ვითარება, ირანის ბირთვული პროგრამა და კონფლიქტი დნესტრისპირეთში.

„საერთო ჯამში, [განხილულ იქნა] კონფლიქტური სიტუაციები ევროპაში, – დასძინა მედვედევმა. უნდა აღინიშნოს, რომ საკითხების უმეტესობაში ჩვენი პოზიციები ან ძალიან ახლოსაა, ან ემთხვევა ერთმანეთს“.