საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. 9 სექტემბერს Washington Post-ში ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს გარი კასპაროვმა, ჭადრაკში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა და ამჟამად ორგანიზაციების - დემოკრატიის განახლების ინიციატივის და ადამიანის უფლებების ფონდის - ხელმძღვანელმა და მაიკლ მაკფოლმა, რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ამერიკელმა დიპლომატმა, სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ცენტრის მკვლევარმა. მაკფოლი ამასთანავე რუსეთის სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორია.
ავტორები წერილში განიხილავენ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაკლოვანებებს და მათი შევსების გზებს.
წერილში საქართველო მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, და ასევე ლაპარაკია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე.
ერთობლივი წერილის დასაწყისში კასპაროვი და მაკფოლი აღნიშნავენ, რომ აშშ-მა და სხვა დემოკრატიებმა რუსეთის ფინანსური სისტემისთვის, ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის და ცალკეული პირებისთვის ახალი სანქციების დაწესებით მართებულად უპასუხეს ვლადიმირ პუტინის შეჭრას უკრაინაში. "ეს სანქციები უფრო ფართოა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ძალისხმევა, რომელიც თავისუფალმა სამყარომ რუსეთის სიდიდის დიქტატურის წინააღმდეგ გასწია" - წერენ ავტორები.
კასპაროვი და მაკფოლი წერენ იმ სანქციების ეფექტიანობაზეც, რომლებიც დაუწესდა ცალკეულ რუს ინდივიდებს. "ძალისხმევა, რომელიც რუსმა ოლიგარქებმა გასწიეს სანქციებისთვის გვერდის ავლის, ან ამ სიიდან ამოწერის მიზნით, აჩვენებს, რომ სანქციები მუშაობს" - წერენ ისინი.
"თუმცა, სანქციები ჯერ კიდევ არ დაწესებია ათასობით რუს ოფიციალურ პირს, პარტიის ლიდერებს, რეგიონული მთავრობების ხელმძღვანელებს, რუსეთის სახელმწიფო კომპანიათა საბჭოების წევრებს, პროპაგანდისტებს და ცნობილ ინდივიდებს, რომლებიც ომს უჭერენ მხარს. დროა სიას ისინიც დაემატონ" - წერენ კასპაროვი და მაკფოლი, და განაგრძობენ: "ინდივიდებმა მესამე ქვეყნებში - მაგალითად, ყოფილმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს დე-ფაქტო მმართველმა - უნდა იცოდნენ, რომ სანქციები მათაც შეეხება, თუკი არ შეწყვეტენ პუტინის ბარბაროსული შეჭრის მხარდაჭერას. ფასი უნდა გადაიხადოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც თუნდაც არაპირდაპირი გზით ან პასიურად ეხმარება რუსეთის ომს უკრაინაში" - ვკითხულობთ წერილში.
ამ სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა ნამდვილად დაასუსტა, თუმცა ალბათ ყველაზე ოპტიმისტებს თუ სჯეროდათ იმისა, რომ სანქციები პუტინს აზრს შეაცვლევინებდა და უკრაინიდან თავის არმიას გააყვანინებდა - წერენ ავტორები, და აღნიშნავენ, რომ ამ სანქციების მიზანი იყო პუტინის იძულება და არა დარწმუნება, შეჭრა დაესრულებინა. ამას გარკვეული წარმატება მოჰყვა, თუმცა ბოლო ექვსი თვის გამოცდილება აჩვენებს, რომ გასაკეთებელი ბევრად მეტია.
შემდეგ კასპაროვი და მაკფოლი გამოდიან რეკომენდაციებით სანქციების შესავსებად და გასაფართოებლად. კერძოდ, ისინი აღნიშნავენ იმ ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლის მნიშვნელობას, რომელიც რუსეთს უზღუდავს ზუსტი იარაღის შევსების უნარს, მათ შორის ჩიპების, რომლებსაც რუსეთი ვერ აწარმოებს. ავტორები წერენ, რომ დემოკრატიულმა სამყარომ დამატებითი საიმპორტო შეზღუდვები უნდა დაუწესოს, მაგალითად, თვითმფრინავების ნაწილებს, ანტენებს, GPS-ის სისტემებს, თუ სხვა.
კასპაროვი და მაკფოლი ასევე წერენ, რომ დემოკრატიულმა მთავრობებმა ზეწოლა უნდა გააძლიერონ თავიანთი ქვეყნების იმ კომპანიებზე, რომლებსაც რუსეთი ჯერ არ დაუტოვებიათ. "სანქციები უნდა შეეხოს უცხოურ კომპანიებს, რომლებიც პუტინის ომის მანქანას ეხმარებიან, თუნდაც გადასახადების გადახდის უბრალო აქტით. ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობამ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი, საქართველო და ყაზახეთი - რომლებიც [რუსეთს] ამჟამად სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან - იძულებული უნდა გახადონ შეწყდეს მიმდინარე უკანონო ტრანსპორტირება".
სტატიაში ასევე ლაპარაკია რუსეთის წიაღისეული საწვავისთვის დაწესებული სანქციების გაფართოების აუცილებლობაზე.
"დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა გამოხატონ თავიანთი მიზანსწრაფვა, რომ სანქციები ძალაში იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება სამი მიზნის მისაღწევად: უკრაინამ უნდა დაიბრუნოს მისი მთელი ტერიტორია, მათ შორის ყირიმი; რუსეთმა უკრაინას სრულად უნდა აუნაზღაუროს ომით მიყენებული ზარალი; და რუსი ომის დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ" - წერენ ავტორები.
კასპაროვი და მაკფოლი აღნიშნავენ, რომ სანქციების გაფართოება და ძალაში დატოვება დიდი ფასი დაუჯდება აშშ-ს, კანადას და ევროპას - მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც მოიტანა უმოქმედობამ პუტინის მიერ ათწლეულების განმავლობაში გატარებული ავტორიტარული და იმპერიული პოლიტიკის მიმართ. "საბედნიეროდ, თავისუფალი სამყაროს ქვეყნებს ამ ფასის გადახდა მხოლოდ ფულით მოუწევთ. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან" - წერენ გარი კასპაროვი და მაიკლ მაკფოლი, Washington Post-ში 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში.
წყარო: რადიო თავისუფლება