პუბლიკაციები
ჩვენ გვინდა, ევროკავშირში ქართველი პოლიტიკოსებიც ვიხილოთ, ისინი კი საპირისპიროს აკეთებენ - ვიოლა ფონ კრამონი

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული ძირითადი 12 რეკომენდაციის შემდეგ თითქმის 3 თვე გავიდა. ევროკომისიის შეფასებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციაც. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეკომენდაციებს დათქმულ დროში შეასრულებდნენ, მაგრამ „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური სპექტრი ერთობლივად ვერ მუშაობენ.

მეტიც, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აკრიტიკებენ. ევროკავშირში კი რეკომენდაციების შესრულებისთვის ინკლუზიურ პროცესს ითხოვენ.

როგორ აფასებენ ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს? ფიქრობენ თუ არა ბრიუსელში, რომ თბილისში პოლიტიკური ძალები თანამშრომლობასა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას შეძლებენ?

ამ საკითხებზე „პუბლიკა“ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ესაუბრა, რომელიც თბილისში მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო.

-კონფერენციაზე თქვენ ახსენეთ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ისე ხშირად აღარ ახსენებენ, თითქოს მან ასოცირების ტრიოს პერიფერიულ ნაწილში გადაინაცვლა. როგორ ფიქრობთ, ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციაზე ანგარიშის გამოქვეყნების გადადება ხომ არ მიანიშნებს, რომ ევროპაში არ სჯერათ იმის, რომ აქ სიტუაცია მალე გაუმჯობესდება?

უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო, უხეშად რომ ვთქვათ, არ არის ევროპის კონტინენტის ნაწილი. მაგრამ არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი. და თუ იქნება კურსი რეფორმების გატარებისკენ, თუ იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკური კლიმატი, მაშინ ბევრად მარტივი იქნება საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებებში ჩართვა.

ამჟამად ძალიან რთულია ეს და არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის, არამედ უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო. მე, ისევე, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა, საქართველოს დიდი მხარდამჭერი, ვხედავ, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირის ნაწილად ყოფნა. ქართველი ხალხის 85% უჭერს მხარს ამას და ეს ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელია, ასეთ მხარდაჭერას იშვიათად ნახავთ. საზოგადოების ეს სურვილი კი პოლიტიკურმა კლასმა უნდა გაითვალისწინოს.

ჩვენ გვჭირდება საქართველო, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველომ გაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში, თუ შიდაპოლიტიკურ პროცესებს დავაკვირდებით, მართლაც ტრაგიკულია იმის დანახვა, როგორ გაუარესდა ის და რამდენად რთულია აქ მუშაობა და პოლიტიკური ჩართულობა.

ჩვენ თქვენი მხარდამჭერები ვართ. გვინდა ეს მოქალაქეები, ეს პროგრესული ძალები ევროპარლამენტში ვიხილოთ, რისთვისაც ვმუშაობთ, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება საპირისპიროს აკეთებს.

ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ ისინი გაითვალისწინებენ ხალხის ნებას და მზად იქნებიან, შეასრულონ რეკომენდაციები. მაგრამ ამ დროისთვის ვერ გეტყვით, რამდენად წარმატებულად მოახერხებენ ამას.

-თუ ხედავთ რაიმე პოზიტიურ ცვლილებას?

ვერ გეტყვით, ზაფხულის შესვენება იყო. თუმცა მანამდე ჩვენი მხრიდან პროგრესი არ დაგვინახავს. რა თქმა უნდა, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე არ ვარ ევროკომისიის წარმომადგენელი და ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

-ევროკავშირის მხრიდან ხშირად გვესმის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა. ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მნიშვნელოვანია ინკლუზიური პროცესის წარმართვა.

ამავდროულად, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს „რადიკალებად“ მოიხსენებენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილში კი „ქართული ოცნება“ პრორუსულ ძალადაა აღქმული და გამორიცხავენ მათთან ნებისმიერ თანამშრომლობას. როგორ ფიქრობთ, საერთოდ შესაძლებელია თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა, როცა ქვეყანაში ასე ღრმა ფესვები აქვს პოლარიზაციას?

საერთო ენის გამონახვა ყოველთვის შეიძლება. გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია.

მე მოვუსმინე გიორგი ვაშაძეს, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციური პარტიები სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად შეჯერდნენ ძირითად წინადადებებზე, რომლებსაც საკანონმდებლო ინიციატივებად გარდაქმნიან. ასე რომ, ძალიან ჰეტეროგენულ ოპოზიციაში არის ნება, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად წავიდნენ ერთიანობისკენ.

მაგრამ თუ „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია გადაწყვეტს ამ პროცესიდან ყველა მათგანის გამორიცხვას, გადაწყვეტს სამოქალაქო საზოგადოების გამორიცხვას, მაშინ ვეღარ შედგება ინკლუზიური პროცესი. ინკლუზიური პროცესი, რომელიც, ვფიქრობ, ევროკავშირმა და ევროკომისიამ მოითხოვეს.

-როგორ ხედავთ ევროპარლამენტის როლს? შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ბოლო პერიოდში, ჩვენ ევროპარლამენტარების კრიტიკაც არაერთხელ მოვისმინეთ. ევროპარლამენტარების ნაწილს კი „რადიკალური ოპოზიციის მფარველებად“ მოიხსენებდნენ.

ამ პირობებში, აქვს თუ არა ევროპარლამენტს იმის შესაძლებლობა, იყოს ნეიტრალური დამკვირვებელი და პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკაზე?

თუ თქვენ გსურთ ევროკავშირის წევრობა, ქართველი პოლიტიკოსები გახდებიან ევროპარლამენტის წევრები და ჩვენი კოლეგები, მათ აირჩევენ ევროპარლამენტში და ჩვენ მოველით, რომ ისინი დააფასებენ ევროპარლამენტის მუშაობას.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ინტენსიურად ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ევროკავშირის სამი ძირითადი ინსტიტუტს შორის და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკომისიასა და საბჭოსთან, როცა საქმე ეხება ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებს.

წყარო: publika.ge