აქტუალური
ზელენსკი მადლობას უხდის ზურაბიშვილს „ყირიმის პლატფორმაში“ მონაწილეობისათვის

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „დიდება უკრაინას“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა.

როგორც ზელენსკი წერილში აღნიშნავს, ის მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მიმართ და პერსონალურ მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობისთვის.

ზელენსკი აცხადებს, რომ ამ სამიტზე მოხდა მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის, ძლიერებისა და სიმტკიცის დემონსტრირება რუსეთის აგრესიისგან უკრაინისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში.

მინდა, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება თქვენი ქვეყნისადმი და პერსონალური მადლობა გითხრათ თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო, „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობისთვის. ამ სამიტზე მოხდა მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის, ძლიერებისა და სიმტკიცის დემონსტრირება უკრაინის და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში რუსეთის აგრესიისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დროებით ოკუპაციას და არასდროს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიას. სამიტზე ასევე დადასტურდა უკრაინელი ხალხის კანონიერი უფლება, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან, რომელიც დაიწყო 2014 წელს ყირიმის დაკავებით და ასევე უკრაინელი ხალხის უფლება, გაათავისუფლოს უკრაინის მთელი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

დიდად მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნისა უკრაინის შემართული და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ფასდაუდებელია ჩვენთვის, რადგან ეს მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებასთან გვაახლოებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა რაც შეიძლება მალე გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტებისგან და მართლმსაჯულების წინაშე დავაყენოთ ისინი, ვინც პასუხისმგებელია აგრესიული და დანაშაულებრივი ომისთვის. ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას „ყირიმის პლატფორმის“ ფარგლებში. კერძოდ კი ველით თქვენი ქვეყნის მონაწილეობას შემდეგ ღონისძიებებში – ყირიმის პლატფორმის პირველ საპარალამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების სამიტში. მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს“, – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის წერილში.