სამართალი
შალვა პაპუაშვილი: არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. რადიკალური ოპოზიციის ქმედებები იმდენად ბანალური გახდა და წინასწარ განჭვრედადია, რომ ამაზე კომენტარების გაკეთება უკვე რთულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო კანდიდატთან დაკავშირებით და 12 რეკომენდაციაში პირველ რეკომენდაციად გაწერა დეპოლარიზაცია, მეორე დღეს, 24 ივნისს საპროტესტო აქცია ჩატარდა, სადაც პარლამენტს ულტიმატუმი წამოუყენეს”.

იმის ნაცვლად, რომ ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ გადაედგათ, პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და რადიკალიზაციისკენ გადადგეს ნაბიჯი. ნიკა მელიას განცხადებაში რომელი წინადადება და აბზაცი გულისხმობს დეპოლარიზაციას? – ეს არის პირდაპირ რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედება. როცა დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში, საქართველოში გვაქვს არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, რაც პოლარიზაციას იწვევს. მთავარი პრობლემა არის არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია და ის რადიკალური დღის წესრიგი, რომელსაც მიჰყვებიან და ეს არის არაღიარება ხელისუფლების”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

ამაზე სერიოზული აღარ არის კომენტარის გაკეთება, რადგან ბოლო ორი წელია, არჩევნები ახალი ჩატარებული იყო, რომ ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ და შიგა და შიგ ეს მოთხოვნა სეზონის მიხედვით ისმის ხოლმე. სამწუხაროდ, ყველა ჯერზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს. მათ და მათ მოთხოვნას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. ამით მხოლოდ უფრო მარგინალიზდებიან და საზოგადოება მათ სახეს ხედავს. ამ შემთხვევაში, მათ სახეს საერთაშორისო საზოგადოებაც დაინახავს – ნაცვლად იმისა, რომ ამ მნიშვნელოვან საეტაპო ვითარებაში რადიკალიზაციის შემცირების მხარეს იყვნენ, პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებენ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.