საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 5 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს და რომ პარტიის ძალისხმევა და ყველა აქტივობა სწორედ ამ მიზნის მიღწევისკენ იქნება მიმართული.
მისი თქმით, „ოლიგარქის „რუსული ოცნება” ყველაფერს აკეთებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების, ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოდ“.
ენმ-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა „მრავალფეროვან პოლიტიკურ აქტივობებს, საპროტესტო ღონიძიებებს და მოქალაქეებთან უწყვეტ ურთიერთობას“ გეგმავს ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.
„მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ – მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება ძალაუფლების კონსოლიდაცია ადამიანების ერთი ჯგუფის ხელში“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, საჭიროა „ინტენსიური კომუნიკაცია“ უცხოელ პარტნიორებთან, რომლებიც, როგორც მელიამ აღნიშნა, „საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და რუსული ორიენტირი აირჩია“.
„ამ მოძრაობის შედეგად, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, ინტენსივობითა და მუხტით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა მან.
„განსხვავებით წინა წლებისგან, დღეს არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ „ვადამდელი არჩევნებით ყველა თავისი გემოვნებით აირჩევს მისთვის სასურველ პარტიას, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად და ცალ-ცალკე მოგვეცემა საშუალება ავირჩიოთ ევროპა“.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა დღეს, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიის მოთხოვნისა, საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. „ნაცვლად იმისა, რომ ამ მნიშვნელოვან, საეტაპო მომენტში იყვნენ რადიკალიზაციის შემცირების გზაზე, აღვივებენ პოლარიზაციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს და მას და მის მოთხოვნას საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს.