აქტუალური
BILETEBI.GE: ანდრეი მაკარევიჩის და მაქსიმ გალკინის კონცერტები პოლიტიკური კონტექსტით გაუქმდა

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ბილეთების პლატფორმა biletebi.ge საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ანდრეი მაკარევიჩის (Машина времени) და მაქსიმ გალკინის კონცერტები პოლიტიკური კონტექსტით გაუქმდა, რადგან არტისტები მხარს უჭერენ უკრაინას.

"ამ დღეებში გახდა ცნობილი რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

დაუჯერებელია რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე.

თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გააღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ?

სენტიმენტები რომ გადავდოთ, ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას". - წერია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ახლახან ზემოხსენებული კონცერტების ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ნიკოლაი ლევშიცი პირად გვერდზე წერდა, რომ Машина времени-ს, მაქსიმ გალკინისა და ვალერი მელაძის კონცერტების გაუქმების მიზეზად სპორტის სასახლის წარმომადგენლებმა მათ ტექნიკური შეუსაბამობა, სასწრაფო რემონტი და აუდიტი დაუსახელეს.