პოლიტიკა
უკრაინულ ვებგვერდზე ბიძინა ივანიშვილის, ვასაძის და სხვების დასანქცირებას ითხოვენ

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინულ ვებგვერდზე, სადაც რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო სხვადასვხა პირის სანქცირებას ითხოვენ, ქართველი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების გვარებიც მოხვდა.

მათ შორის არიან, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი მათე მამაცაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, სულხან პაპაშვილი და ირაკლი რუხაძე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი ცოლი ქეთევან ხარაიძე და თავად ბიძინა ივანიშვილი.

ვებგვერდის აღწერაში ნათქვამია, რომ მონაცემთა ბაზის მიზანია დაეხმაროს უკრაინის მოკავშირეებსა და პარტნიორებს საზღვარგარეთ მოახდინონ სანქცირებადი პირების იდენტიფიცირება. ვებსაიტზე მითითებულია, რომ პროექტის პარტნიორია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო.

აღნიშნულს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის წევრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები უწოდა, სიას კი ზარქუას აზრით აღსრულება არასოდეს უწერია:

ძალიან ცუდია რასაც რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიები აკეთებს. თქვენ გამოგყავთ მხარედ ეს ადამიანები, ვინც ეს პეტიცია შეადგინა, რომლებიც არიან ჩვეულებრივად, ბატონი კრამერი და ა.შ. „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები. ამას უკრაინულ მხარეს დაარქმევს მთავარი არხი თუ საერთაშორისო ექსპერტებს…

ჩემთვის ბატონი კრამერი ერთ-ერთი არშემდგარი რევოლუციონერია. ცდილობთ საზოგადოებას შემოასაღოთ, თითქოს უკრაინული მხარემ შექმნა სია. პირდაპირ უნდა თქვათ, ნაციონალურმა მოძრაობამ მათი ფასიანი ლობისტების დახმარებით შეადგინეს სია რომელსაც აღსრულება არასოდეს უწერია. ჩემთვის არ არის საინტერესო ბატონი კრამერი და დანარჩენი ფასიანი ლობისტები როგორ მტრობენ ჩემს ქვეყანას და ცდილობენ რევოლუციური სცენარი განახორციელონ“, – ამბობს ირაკლი ზარქუა.