საზოგადოება
6 სექტემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში 6 სექტემბერს გაიმართება.

ევროკავშირის საბაჭოს ოფიციალურ ვებვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართება. ევროკავშირის დელეგაციას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის ფონზე, პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმაზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ფოკუსირებით.

ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით რეგიონულ საკითხებზე.