საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს შეხვდა

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია.

აღნიშნული სტრატეგია პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Rothschild & Co-სთან და კომპანია Kaiser Partner-თან ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა და მისი მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია Kaiser Partner-ის აღმასრულებელი მმართველი სტეფან ლინიგერი, კომპანია Kaiser Partner -ის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი ტილლა ქავენგი, კომპანია Rothschild & Co -ს მრჩეველი პიერ ადელინი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.