სამართალი
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ.

მისი თქმით, პატიმრისთვის სასჯელის გადავადების მაქსიმალური დრო, საქართველოს და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით, ერთი წელია.

„საქართველოს სასამართლო პრაქტიკისა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით ეს არის ერთწლიანი ვადა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს, ამასთან დაკავშირებით ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე შეუძლია ექსპერტიზა ჩაატაროს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ის ექსპერტებთან ითანამშრომლებს.

„ფიზიკურად და მორალურადაც ძალიან გადაღლილია, იმიტომ რომ ექსპერტებთან შეხვედრის დროს ურთულესი კვლევები ჩაუტარდა. დაინტერესდა ექსპერტების პოზიციით. ვუთხარი, რომ ისინი წერილობით ფორმით დააფიქსირებენ დასკვნაში, როდესაც გამოაგზავნიან.

ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. ხელისუფლება თუ დანიშვნას ექსპერტიზას, მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე შეუძლია ჩაატაროს. ქართული კანონმდებლობით, იძულების წესითაც შეუძლიათ ექსპერტიზის დანიშვნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ან რა აქვს საწინაამღმდეგო? ითანამშრომლებს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ მადლიერება გამოხატა, რომ ექსპერტებს შესაძლებლობა მიეცათ პროცესში ჩართულიყვნენ.

„თქვა, რომ იმედი აქვს, ჯანდაცვის სამინისტრო დანარჩენ ექსპერტებს შემოსვლის და ექსპერტიზის ჩატარების უფლებას მისცემს“, - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.