სამართალი
შურგალინი რუსეთის სახმედრო აფხაზეთში ყოფნაზე, ბიჭვინთასა და ჟენევის დისკუსიებზე საუბრობს

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის „ელჩმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში, მიხეილ შურგალინმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ოკუპირებულ რეგიონში არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გახანგრძლივებაზე, რუსეთისთვის კურორტ ბიჭვინთის ნაწილის გადაცემასა და რუსეთ-აფხაზეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.

კითხვაზე – რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, გეგმავს თუ არა რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ყოფნის გახანგრძლივებას? – შურგალინმა განაცხადა – „… რესპუბლიკის უსაფრთხოება სრულად არის უზრუნველყოფილი მე-7 გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის ძალებისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო კონტროლის მიერ“.

აღნიშნა რა, რომ რეგიონში დამატებითი სამხედრო ბაზის განთავსება არ იგეგმება, მან ხაზი გაუსვა, რომ არსებული ბაზა და ადგილზე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური „მუდმივად უმჯობესდება [და] რესპუბლიკაში მათი ფუნქციონირება მოითხოვს მათი [იქ] ყოფნის თავდაპირველი ჩარჩოს მოდერნიზაციას“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას, შურგალინმა აღნიშნა, რომ ის „იყო და რჩება საკვანძო საერთაშორისო ფორმატად ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ამ დამოკიდებულებას „სრულად იზიარებს“ რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საბაბით ფორმატი ფაქტობრივად „გაყინეს“. შურგალინის შეფასებით, დასახელებულ მიზეზს „არანაირი კავშირი არ აქვს ფორმატის დღის წესრიგთან“.

აშშ უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი ანტირუსული პოლიტიკით და ჩვენი იზოლაციის სურვილით „ყველა ფრონტზე“ და ევროკავშირი, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ჟენევაში, ახლა იმავე [კურსით] ხელმძღვანელობს“, – განაცხადა შურგალინმა.

მან დასძინა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანამოდერატორი ეუთოდან ასევე იქცა ამ ორგანიზაციის პოლონეთის ამჟამინდელი თავმჯდომარეობის მძევლად“ და რომ გაერო ერთადერთი თანათავმჯდომარეა [დისკუსიების], რომელიც ცდილობს ფორმატის „აღდგენას“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ასევე დასავლეთის ქვეყნების განწყობის გავლენის ქვეშაა“.

ვიმედოვნებთ, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონში საღი აზრი გაიმარჯვებს და წელს, ჩვენ შევძლებთ ჟენევის დისკუსიების ერთი რაუნდის ჩატარებას“, – განაცხადა მან.

კურორტ ბიჭვინთის საკითხსა და რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებზე მის გავლენაზე საუბრისას, შურგალინმა თქვა, რომ ამ შეთანხმების საკითხი „ზედმეტად პოლიტიზებულია“.

მარტივად რომ ვთქვათ, დოკუმენტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების მძევალი გახდა“, – აღნიშნა მან.

ხაზი გაუსვა რა, რომ რუსეთის „საელჩოს“ არ აქვს უფლება და არ სურს ჩაერიოს აფხაზეთის საშინაო საქმეებში“, რადგან ბიჭვინთა პირდაპირ ეხება რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებს, მე, როგორც ელჩი, მინდა გავაფრთხილო, რომ ამ საკითხზე პოლიტიკურმა სპეკულაციებმა, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების შემდგომ განვითარებას“.

მანვე „დაბალანსებული გადაწყვეტილების“ მიღების შესახებ აფხაზეთის მზაობის მნიშვნელობაც აღნიშნა, რადგანაც ბიჭვინთის შეთანხმების რატიფიცირების შეფერხება აშკარად იმოქმედებს რუსეთის მხარის სურვილზე, განახორციელოს ინვესტიცია რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორებიცაა მშენებლობა. აეროპორტი, ტურისტული ობიექტები და აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია“.

ერთი მხრივ, არჩევანი არის ღიაობასა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას შორის, მეორეს მხრივ კი – დახურულობასა და პროტექციონიზმს შორის“, – განმარტა შურგალინმა.

თუმცა, მან პირობა დადო, რომ ბიჭვინთის საკითხის უარყოფითად არ იმოქმედებს რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების ამჟამინდელ მოცულობაზე“.

მანვე საზოგადოებაში არსებულ წუხილებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ კურორტის რუსეთისთვის მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში ის რომელიმე კერძო პირს ან მესამე მხარეს „არავითარ შემთხვევაში“ არ გადაეცემა.

აფხაზეთში უახლოესი გეგმებზე საუბრისას, შურგალინმა განაცხადა, რომ „… ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება“.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-აფხაზური თანამშრომლობის ძირითადი სფეროა „პოლიტიკური დიალოგის აქტიური განვითარება“, მათ შორის, 2009 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებისა და 2014 წლის ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების ფარგლებში.

რუსეთის ელჩმა ასევე აღნიშნა აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის მნიშვნელობა, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დაამტკიცეს.

აფხაზეთის ენერგეტიკულ კრიზისზე საუბრისას, შურგალინმა თქვა, რომ „…რესპუბლიკაში ბიზნესისა და სამრეწველო საქმიანობის ზრდა იწვევს ენერგიის დეფიციტის ზრდას. ე.წ [კრიპტოვალუტის] „მოპოვების საწარმო“, მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობა, უსამართლო ტარიფების პრაქტიკა და ა.შ.“.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აქამდე აკმაყოფილებდა აფხაზეთის არაერთგზის მოთხოვნას რუსეთიდან დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ, „… ყველასთვის უკვე ნათელია, რომ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა რადიკალურად უნდა მოგვარდეს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვით“.