საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტის საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მან დაავალა შესაბამის უწყებებს და მიმდინარეობს მუშაობა ბაღების ანალოგიურ პროექტზე.
„წინა კვირას გვქონდა შეხვედრა ბატონ მიხეილ ჩხენკელთან. ჩვენ გავიარეთ დეტალურად 800 სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტის საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს. სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება ტენდერი 80 ახალ სკოლაზე და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე. დანარჩენი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერები გამოცხადდება 2023-2024 წლებში. ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება 2026 წლამდე. 2024 წლამდე გვინდა, რომ 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოვასწროთ. ეს არის ჩვენი გეგმა. გარდა ამისა, მე დავავალე შესაბამის უწყებებს და ახლა ვამუშავებთ ბაღების ანალოგიურ პროექტს. გვინდა, რომ ახალი პროგრამა გამოვაცხადოთ. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტსა და სოფელში ბაღები სავალალო მდგომარეობაშია. სკოლების გარდა აუცილებელია, რომ საბავშვო ბაღებიც იყოს გამართული, ევროპული სტანდარტის. ისე, რომ ღირსეულ პირობებში იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, საბავშვო ბაღიდან დაწყებული, სკოლებში და შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. ასე, რომ ამ პროგრამას მოვამზადებთ უახლოეს რამდენიმე კვირაში. ამ პროცესში ჩართულია ბატონი ირაკლი ქარსელაძე და ლერი ბარნაბიშვილი და ამის თაობაზე ინფორმაციას დეტალურად წარმოგიდგენთ მიხეილ ჩხენკელი, თუ რას ვგეგმავთ და როდის დაიწყება ბაღების რეაბილიტაციის პროგრამაც“, - განაცხადა პრემიერმა.