საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, ოკუპაცია დროებითია და ვერანაირი ინტეგრაცია, რუსეთ-ბელარუსის კავშირთან ვერ იქნება შესაბამისობაში ვერც ერთ საერთაშორისო წესთან და კანონთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმი მზად არის რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში გასაწევრიანებლად, რაზეც კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა: „რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში აფხაზეთის გაწევრიანება შექმნის პირობებს, რათა გადაიჭრას რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენის საკითხი“.
სერგეენკოს თქმით, „იმდენად წარმოუდგენელია ის, რაც ხდება, ეს დიდხანს არ გაგრძელდება“.
„ასე „ფუთავენ“, ასე ხდება და ამას აჩვენებს ისიც, რომ თითქმის 270-ზე მეტი ქვეყნიდან სულ სამს აქვს აღიარებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“. ჩემი ღრმა რწმენით იმდენად წარმოუდგენელია ის, რაც ხდება, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მჯერა, ისევ ერთ ენაზე დავიწყებთ საუბარს – ერთიან პოლიტიკურ ხედვას ვგულისხმობ და ისევ ერთად ვიქნებით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.