საზოგადოება
გიგი უგულავას „ფეისბუქური“ პირველი ვიდეოკონფერენცია და ცხვირწინ კარმიხურული მგზავრები

ugulavaგუშინ, 9 ივნისს, ინტერნეტსივრცეში მოსახლეობასთან გამართულ პირველ ინტერაქტიურ შეხვედრას თბილისის მერი დადებითად აფასებს. შეკითხვებს გიგი უგულავა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში პასუხობდა. მისი თქმით, ვიდეოკონფერენციები თბილისის მერთან მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს არის   კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება, რათა ქალაქის მერი პირადად გაეცნოს თითოეული მოქალაქის მოსაზრებას მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით და დედაქალაქის განვითარებაზე თბილისელებთან ერთად იზრუნოს.

სხვა მრავალ საჭირბოროტო საკითხთან ერთად მერმა მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებულ მომავალ გეგმებზეც ისაუბრა. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ პროექტებს, ესეც წარმატებულად ჩათვალა და მაგალითად მოიყვანა დიდი დიღმიდან ვარკეთილისკენ მიმავალი ცარიელი ავტობუსების „გრძელი ხაზები“.

სულ სხვა აზრისა არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები ავტობუსების სამარშრუტო ხაზების შემცირებასთან დაკავშირებით. სწორედ დიდი დიღმის მოსახლეობაა დაზარალებული ამ ხაზების გაუქმებით, რადგან ამ დასახლებაში მეტროს სადგური არ არის და პიკის საათებში ძალზე უჭირთ მოქალაქეებს მგზავრობა.

საქინფორმი დღეს, 10 ივნისს, დილის საათებში მგზავრთა გადაყვანით დაინტერესდა და დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, გაჩერებაზე ავტობუსის მომლოდინეთაგან მერიისთვის მეტად საჭირბოროტო ინფორმაციაც მოაგროვა:

დოდო კაკაბაძე (მოსამსახურე): თავდადებულის ქუჩაზე №114 ავტობუსი დადიოდა. ზუსტად ვიცოდი მოძრაობის განრიგი და მგზავრებისთვისაც საიმედო იყო. ყოველ დილით სამსახურში ისანში დავდივარ. მაშინაც ბევრჯერ დავრეკე ცხელ ხაზზე და მაიმედებდნენ, მერიას ახალი პროექტი აქვს და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებაო. ახლა ქარ-წვიმასა თუ თაკარა მზეში პეტრიწის ქუჩაზე გადმოვდივარ და მესამე კვარტლისკენ ფეხით ავდივარ, რომ გადაჭედილ მარშრუტკაში (№192) როგორმე ორი გაჩერებით ზემოთ ჩავჯდე და არ დავაგვიანო.

ნანა ქავთარაძე (სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი): ნოემბრიდან აღარ დადის 13 ნომერი ავტობუსი, არადა, სტუდენტებისთვის ძალიან კარგი მარშრუტი იყო, მაღლივ კორპუსამდე ადიოდა. საბურთალოზე მოკლე გზა უნდა გაევლო და აღარც ვაგვიანებდი. ახლა ჟვანიას მოედანზე უნდა ჩამოვიდე და ვაჟა-ფშაველაზე რაღაცას გავყვე, თანაც, ეს ჩვენს ჯიბეზეც ხარჯიანად აისახება. №21 ავტობუსი კი დადის, მაგრამ ვაკის გავლით დიდ დროს ანდომებს, თანაც, სამედიცინომდე ორი გაჩერებით უკან უნდა დავბრუნდე ფეხით, რადგან მეტრო „დელისთან“ ადის ვაკიდან და სხვაგვარად ცალმხრივი მოძრაობის გამო ისევ ფეხით გვიწევს უნივერსიტეტამდე მისვლა.

მედეა ჩახვაშვილი (კოლეჯის პედაგოგი): ნუცუბიძეზე დავდივარ ყოველდღე სამსახურში, №13 ავტობუსი ჩემთვის მისწრება იყო. მართალია, გადაჭედილ ავტობუსში ძლივს ავდიოდი, მაგრამ ვიცოდი, რა დროს მოვიდოდა და გაჩერებაზე ვხვდებოდი. ახლა როგორმე მეტროსთან უნდა მოვხვდე, მერე მეტროთი განვაგრძო გზა და მერე – ისევ ავტობუსით. ბევრჯერ ავტობუსიდან მეტროში ჩასულს სამგზავრო პლასტიკურზე ისევ 50 თეთრი მოუჭრია – როგორც უნდათ, ისე აპროგრამებენ, ჩვენზე არავინ ზრუნავს. როგორ დავიჯერო, ცარიელი ავტობუსები დადისო... სად ნახა მერმა დიდ დიღომში ცარიელი ავტობუსი, ტროლეიბუსით რომ გამოისეირნა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, იმის მერე აღარც ყოფილა და თუ მოდის, წინდაწინ პეტრიწზე დადიან მეგაფონებით და ცნობისმოყვარე ხალხს ტელეკადრებისთვის უფრო აგროვებენ, ვიდრე საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ. მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების გამო გავაძვირეთ მგზავრობის ღირებულებაო – ესაა გაუმჯობესება? თანაც სამმაგს ვიხდით და საცოდავად ცალ ფეხზე ვდგავართ.

ლალი ერგემლიძე (საქალაქო ბიბლიოთეკის თანამშრომელი): სამსახურში წასასვლელად ყველანაირად მოსახერხებელი იყო №13 ავტობუსი. ახლა, ორმაგ და სამმაგ ღირებულებას რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურად არ დადის ტრანსპორტი. ერთადერთი სამარშრუტო ტაქსი დადის – №73 და იქ ვერც დილით ახვალ დიდი დიღმიდან გასვლისას და ვერც საღამოს გამოყვები დიდ დიღომში. ახლა ერთადერთი ავტობუსია, 21 ნომერი და გვიან საღამოს საათში ერთხელ დადის. ხანდახან ესეც ვარდება გრაფიკიდან, ის ცხელი ხაზიც მოსპეს – ეტყობა ხარჯიანი იყო. ამდენი კონტროლიორი ხარჯიანი არ არის? როგორ არ ვთქვა: ამასწინათ ყაზბეგიდან №24-ს გამოვყევი გვიან საღამოს და მეგობრობის გამზირზე რომ ჩაუხვია, იქ ჩამოვედი, რომ დიდი დიღმისკენ მიმავალ №15-ს დავლოდებოდი. ჯერ იყო და, არ აღირსა მოსვლა, მერე გადაჭედილ ავტობუსში ასვლა ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ, კარებში გაჩხერილი იყო კონტროლიორი, რომელსაც ფეხიც კი ვერ ავადგმევინე ერთი საფეხურით მაღლა, რომ როგორმე ავსულიყავი. არადა, ისიც ჩემთან ერთად იდგა გაჩერებაზე და იამსაც შევჩივლე ჩემი გასაჭირი. მძღოლმა რამდენჯერმე კარის დახურვა-გაღების შემდეგ – სხვას გამოყევიო. კონტროლიორმა კი, – როცა ვუთხარი, სახლში როგორღა წავიდე, აქ ხომ მეტი აღარაფერი გამოივლის-მეთქი, – აბა მე რა ვქნა, სამსახურში ვარ და შენ წახვიდე და მე არაო? რას ჰგავს ეს, იმის ღირსები არიან, ამ ავტობუსებში კაციშვილმა არ აიღოს ბილეთი პროტესტის ნიშნად, ესაა გაუმჯობესება?!.

ემზარ გ. (მშენებელი – დიდი დიღომი): ამდენი ხანია, ვდგავარ, ვერ გავყევი ავტობუსს. ცალ მხარეს გადმოზნექილი №15 სადაცაა წაიქცევა. ძლივს მიზოზინებს. კაცი რომ იმას იტყვის, დიდ დიღომში არარენტაბელურია ავტობუსი, მგზავრები არ ჰყავსო, აბა, ერთი, დაფიქრდეს – სადაც მეტრო არაა, იქ ავტობუსიღა რჩება და ისიც გადაჭედილია. შემოსავალი არ ეყოთ, მაღალი ხელფასები დაინიშნეს და ავტობუსს თუ რამე გაუფუჭდა, საწყალი მძღოლების გასაკეთებელია ხელფასიდან. ამიტომაც ხურავენ კარებს და მიდიან, რომ არ გადაიჭედოს. ერთხელაც არ მიმგზავრია ისე, რომ ვიღაცა არ აყვირდეს – ფეხი მომყვაო. ცარიელ ავტობუსში მოჰყვება ვინმეს ფეხი კარებში? წერეთ და იკითხეთ, კაცი არაა პატრონი. ამას არაფერი ეშველება. ჩაკეტილი დასახლებაა. უმუშევრობაა, და ვისაც, ღვთის მადლით, რამე სამსახური გვაქვს, შეიძლება დაგვიანების გამო დავკარგოთ. მიდი და უხსენი უფროსს, რომ ავტობუსში ვერ ახვედი. ახლა რომ გავუშვი ავტობუსი და ვერ მოვახერხე ასვლა, ამით უნდა ემგზავრა უგულავას და მიხვდებოდა მერე, ხალხი ტყუის თუ მისი დადგმული სალარო-აპარატი.