საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის 20 წლის შვილიშვილმა, მოდელმა მარია იუმაშევამ ინსტაგრამზე საქართველოში დასვენების ამსახველი ფოტოები და "სტორები" გამოაქვეყნა.
„საქართველო - სიყვარული“, - დაწერა მან.
იუმაშევა თბილისში მეგობრებთან ერთად ისვენებს. რუსეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი რესტორნიდან გადაღებული თბილისის ხედების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გააზიარა.
ბორის ელცინის ექვს შვილიშვილს შორის მარია ყველაზე უმცროსია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მარია იუმაშევა ლონდონში ომის საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდა, ინსტაგრამში კი დაწერა: „არა ომს“. ფეისბუკში მსგავსი მოწოდება გააკეთა დედამისმა, ტატიანა იუმაშევამ.
24 თებერვლის შემდეგ საქართველო რუსი ემიგრანტებისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად იქცა. საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს შორის რაოდენობით პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან. ივლისში საქართველოს 156 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია.
სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი და რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მოითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთის მოქალაქეების ჭარბად და უკონტროლოდ შემოდინება საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მხოლოდ მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში რუსეთის მოქალაქეებმა 6419 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც მთელ წინა წელთან შედარებით 7-ჯერ მეტია.
ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ომის დაწყების შემდეგ საქართველო უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთზე. თანაც, “ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული”.
წყარო: რადიო თავისუფლება