საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ცხინვალის „ლიდერმა” ალან გაგლოევმა 23 აგვისტოს თავდაცვის ახალ „მინისტრად“ მარატ პავლოვი დანიშნა.
გაგლოევის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გაგლოევმა აღნიშნა, რომ პავლოვი დიდი ხნის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა „თავდაცვის სამინისტროსთან“ და „მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა ოკუპირებული რეგიონის საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაში“.
ამავე ინფორმაციით, თავის მხრივ, პავლოვმა გაგლოევს პოსტზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყურადღება დაეთმობა „ეროვნული პერსონალის მომზადებასა და საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებაზე“.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური უზრუნველყოფის დონის ამაღლებას, წელს იგეგმება სამხედრო და თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ფულადი შემწეობის ინდექსაცია“, – დასძინა მან.
ამასთან, გაგლოევმა „შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის“ ხელმძღვანელიც გაათავისუფლა.
ალან გაგლოევმა თავდაცვის ყოფილი „მინისტრი“ ვლადიმირ ფუხაევი და მისი მოადგილე, იგორ ალბოროვი თანამდებობიდან 12 აგვისტოს გაათავისუფლა. მაშინ, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ გაგლოევის პრესმდივნის, ნატალია ბოსიკოვას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ცემის ინციდენტს“ უკავშირდება.