საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის უბრალოდ ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, „სამართლიანი არჩევნების" (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეს ორგანიზაცია დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით.
კახა კალაძის მოსაზრებით, ახლაც არ არის გვიან აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ამ დანაშაულში იყო ჩართული.
„მე არ მინახავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, არ მომისმენია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის საელჩო ამ განცხადებას გააკეთებდა. ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის უბრალოდ ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია. ეს ორგანიზაცია დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით. მეორადი დათვლის შედეგებისას, რომელსაც ისინი აკეთებდნენ, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს; მიზანმიმართული მცდელობა იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ მათი ეს ქმედება, ეს იყო თაღლითობა. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყოლოდა ჩაღრმავება, კიდევ უფრო დეტალებში ჩასვლა, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი უნდა მოეთხოვათ ყველასთვის. მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა ამ საქმის ჩახურვა რაც არ მიმაჩნია სწორად. დღესაც არ არის გვიან. ამას სჭირდება დეტალებში შესვლა. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელსაც ამზადებდა ოპოზიცია“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ არ მოხდება ამ ორგანიზაციის ჩართვა პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში.
რაც შეეხება კითხვას, რამდენად ექნება ნდობა პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის გარეშე, კალაძემ აღნიშნა ის ორგანიზაციები, რომლებიც პროცესში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდნენ, არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები - „ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტორები, პოლიტიკური მოთამაშეები“.