საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მიერ მიგრაციაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა „იყო მთავარი ფაქტორი“, რასაც გავლენა ჰქონდა საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო დაცვისთვის მიმართვის ზრდაზე ევროკავშირის წევრ და ასოცირებულ ქვეყნებში (ევროკავშირი+).
18 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ჰქონდა და როგორც ვარაუდობენ, კვლავაც ექნება მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოში ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებებით.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველომ დაახლოებით 24 000 უკრაინელი, 35 000 რუსი და 15 000 ბელარუსი მიიღო, რამაც დოკუმენტის თანახმად, დედაქალაქში დასაქირავებელ ბინებზე ფასების ზრდას შეუწყო ხელი, რაც „კიდევ უფრო აისახება საქართველოში ცხოვრების ღირებულებაზე“.
ანგარიშში საქართველოში არსებულ მაღალ ინფლაციაზე, საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე მომატებულ ფასებზეც არის საუბარი და ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა, 2022 წლის პირველ კვარტალში, ის მაინც მაღალ ნიშნულზე – 19%-ზე რჩებოდა.
ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველ 4 თვეში, ევროკავშირი+ ქვეყნებმა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლის 8 075 აპლიკაცია მიიღეს, რაც 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 183%-ით მეტია. მაშინ განაცხადი საქართველოს 2 855-მა მოქალაქემ შეავსო. საგულისხმოა, რომ 10-დან ყოველი 9 აპლიკანტმა განაცხადი პირველად შეავსო.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ წარდგენილი განცხადებებიდან, ევროკავშირი+ ქვეყნებში დროებითი დაცვის სტატუსი 390 საქართველოს მოქალაქეს მიანიჭეს, რაც სპეციალური სტატუსია და „ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ პირთათვის არის, რომლებიც დევნილობაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო არიან“.
ფაქტობრივად, იმ პერიოდში, ეს იყო საქართველოს მოქალაქეთათვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ყველაზე გავრცელებული ფორმა და აღემატებოდა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების (80), ჰუმანიტარული სტატუსის (160) და დამხმარე დაცვის სტატუსის (35) მინიჭების საერთო რაოდენობას.
წინა წლების მსგავსად, საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრისთვის ძირითადად კვლავ საფრანგეთს, გერმანიას და იტალიას მიმართეს, განაცხადების 4/5 სწორედ ამ ქვეყნებზე მოდიოდა. მიმდინარე წელს ირლანდია მეოთხე ადგილზე იყო 420 განაცხადით, რაც 2021 წლის მაჩვენებელს (25) მნიშვნელოვნად აღემატება.
ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან თავშესაფრის მისაღებად წარდგენილი განაცხადების 42% ქალებზე მოდიოდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 39% იყო. რაც შეეხება ასაკს, ამ მხრივ მონაცემები 2021 წლის მსგავსია – აპლიკანტების 22% 18 წლამდე იყვნენ, 35% – 18-24 წლამდე, 41% – 35-64 წლამდე და 1% – 65 წელს ზემოთ.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოდან მიგრაციის რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, აჭარიდან და გურიიდან მოქალაქეები ძირითადად თურქეთში მიდიან სამუშაო მიზნებით. თბილისიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან აპლიკანტების მოტივაცია კი – უფრო მრავალფეროვანია და ისინი ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე არიან ფოკუსირებულნი დასაქმების, სწავლისა და თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული მიზნებით.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არ არსებობს არანაირი ცნობა საქართველოდან მიგრანტთა მხრიდან კონტრაბანდული ქსელების გამოყენების შესახებ.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებას ოპოზიციური პარტიების პროტესტი და პოლიტიკური ვითარების მრავალთვიანი პარალიზება მოჰყვა.
მოხსენებაში ოპოზიციას და ქართულ ოცნებას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაზეც არის საუბარი და ხაზგასმულია, რომ იგი მმართველმა პარტიამ ის გასული წლის ივლისში ცალმხრივად დატოვა.
ანგარიშში 2022 წლის ივნისსა და ივლისში თბილისში გამართული საპროტესტო აქციებიც არის ნახსენები, მათ შორის, 20 ივნისს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია, ასევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 3 ივლისს გამართული აქცია, რომელიც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას მოჰყვა.
დოკუმენტში ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების დათმობის შესახებ მომიტინგეთა მოთხოვნაზეც არის ყურადღება გამახვილებული და აღნიშნულია, რომ 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, მინისტრთა კაბინეტის სულ მცირე 4 წევრი მასთან დაახლოებული პირია, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ადამიანის უფლებებზე საუბრისას, ანგარიშში ნათქვამია, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველო „ნახევრად თავისუფალი“ ქვეყნების რიგებშია და მას 100-დან 58 ქულა აქვს და რომ პრესის თავისუფლების შკალაზე საქართველოს მნიშვნელოვანი უკუსვლა აქვს.
პრესის თავისუფლების კონტექსტში არსებულ წუხილებზე საუბრისას, დოკუმენტში 2021 წლის 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ჰომოფობიურ ძალადობაზეა ყურადღება გამახვილებული, რა დროსაც, 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ამასთან, აღნიშნულია, მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ დარღვევებზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუციაც.
ანგარიშში პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ასევე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეებთან მიმართებით არსებულ წუხილებზეც არის ყურადღება გამახვილებული.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამ მიმართულებით, საქართველოში რაიმე საყურადღებო კონფლიქტი არ დაფიქსირებულა და რომ ეს ორი რეგიონი კვლავ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა რჩება.
დოკუმენტში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომელშიც შეიარაღებული მამაკაცები ოკუპირებული ტერიტორიების ძალადობრივად აღებისკენ მოუწოდებენ.
დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა გავრცელებული ვიდეო მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა, ის მაინც საყურადღებოა, რადგანაც ასახავს პოტენციური დეზინფორმაციის ბუნებას, რომელიც შემდგომში შეიძლება იქნას გამოყენებული.