სამართალი
ლევან იოსელიანი: ყველა ხვდება, რომ „ნაცმოძრაობა“ შეიძლება დაიშალოს სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. არანაირი “ცხელი შემოდგომა” არ იქნება - არაფერი მოხდება, უბრალოდ ყველა [პატარა პარტია] ცდილობს, თავისი წილი აიღოს იმ კონფიგურაციიდან, რომელიც შეიძლება ვნახოთ, თუ “ნაციონალური მოძრაობა” აღარ იქნება ამ სახით წარმოდგენილი პოლიტიკურ სცენაზე,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იოსელიანმა განაცხადა, პატარა პარტიები “ნაციონალური მოძრაობის” დაშლას ელოდებიან. რაც შეეხება საპარლამენტო ბოიკოტის შესაძლებლობას, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სულ ბოიკოტში არიან, მაგრამ პარლამენტარების პრივილეგიებით სარგებლობენ.

ნაციონალური მოძრაობა” სულ ბოიკოტშია, რადგან ის საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ ღებულობს, თუმცა იღებს ყველა პრივილეგიას, რაც პარლამენტის წევრს ეკუთვნის, მათ შორის მანქანებს, ხელფასებს. ამიტომ ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტონ, უნდათ პარლამენტში მუშაობა თუ არა. თუ არ უნდათ, უნდა წავიდნენ, ჩემი აზრით, ესეც კარგი გამოსავალია.

რაც შეეხება “ცხელ შემოდგომას”, რეალურად რასთან გვაქვს საქმე - პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რადიკალიზმით გამოირჩევიან დღეს, სინამდვილეში ელოდებიან “ნაციონალური მოძრაობის” დაშლას და უნდათ, ამ მომენტისთვის იყვნენ ფორმაში, რომ მათი მომხრეების ნაწილი მიიმხრონ, ამაზეა გათვლილი ყველა გზავნილი და რადიკალიზმი. ამას რეალურ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. არანაირი “ცხელი შემოდგომა” არ იქნება, უბრალოდ, ყველა ხვდება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შეიძლება დაიშალოს და ეს გამოწვეული იქნება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით. უნდათ, ამ დროისთვის, მათი მომხრეების ნაწილი მიიმხრონ იმ რადიკალური დღის წესრიგით, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებისთვის მისაღებია. ამისთვის მიდის სინამდვილეში ბრძოლა და არა სხვა რამისთვის, რადგან რამდენიმე პატარა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ ამ ქვეყანაში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.