პოლიტიკა
მედიაზე ზეწოლის ფაქტებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის სადეპუტატო ინიციატივა

jondi„ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია და დეპუტატი პეტრე მამრაძე მედიის ირგვლის ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებსა და მასზე ზეწოლის ფაქტებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. როგორც მათ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ხელისუფლება იმ მედიასაშუალებებზე ახდენს ზეწოლას, რომლებიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ და ობიექტურად აშუქებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

დეპუტატების მოთხოვნით, საგამოძიებო კომისიამ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ სამართალდამცველების შესვლის ფაქტიდან დაწყებული დღემდე ყველა შემთხვევა უნდა გამოიძიოს, რაც კი მედიაზე ზეწოლას უკავშირდება.

„ეს არის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის, დაშინებისა და საკუთარი ძალების მოსინჯვის გამოვლინება“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლების წნეხი ტელეკომპანია „მაესტროსაც“ შეეხება.

დეპუტატების განმარტებით, კომისიის შექმნის მოთხოვნას ყველა დამოუკიდებელი დეპუტატი ეთანხმება და იმედი აქვთ, რომ აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტში მხარდაჭერა ექნება.