საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ბოძზე აღმოჩენილ საბრძოლო მასალაზე (სავარაუდოდ, F-1-ის ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა – ხელყუმბარები) გამოძიება დაიწყო.
ამავე ინფორმაციით, აღმოჩენილი „სტრაიგ ბოლის“ სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარები გამნაღმველებმა უსაფრთხოების მიზნით ადგილზევე გაანადგურეს. უწყებაში ხელყუმბარების რაოდენობა არ დააკონკრეტეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
ინტერნეტგამოცემა „პუბლიკა“ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ხელყუმბარა, სოფელ ირში პატრულირების დროს მათ აღმოაჩინეს და შესაბამის უწყებებს შეატყობინეს.