პოლიტიკა
ჩემმა ქალიშვილმა თავისი სიცოცხლე გამარჯვების კვარცხლბეკზე დადო, გაიმარჯვეთ, გთხოვთ! - დუგინი

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ალექსანდრ დუგინი შვილის მკვლელობის თემას გამოეხმაურა. დუგინი მომხდარს ტერაქტად აფასებს და მის მოწყობაში უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს.

„რუსეთის მტრებმა მალულად მოკლეს ის, მაგრამ ჩვენს ერს ასეთი გაუსაძლისი დარტყმებითაც კი ვერ გატეხენ. მათ სისხლიანი ტერორით სურდათ ჩვენი ნების ჩახშობა ყველაზე დაუცველებზე თავდასხმით, მაგრამ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენი გული უფრო მეტისკენ ისწრაფვის, ვიდრე შურისძიებაა, ეს ძალიან მცირეა, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ამ გამარჯვებას შეეწირა ჩემი ქალიშვილი. ასე რომ, გაიმარჯვეთ, გთხოვთ. ჩვენ გვინდოდა, ის აღგვეზარდა ჭკვიან და გმირ ადამიანად. დაე, ახლა შთააგონოს ჩვენს შვილებს გმირობა“, – ამბობს დუგინი.

ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა ორი დღის წინ მოსკოვის ოლქთან ავტომობილის აფეთქების დროს დაიღუპა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ახლახან განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას დუგინის ქალიშვილის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.