კერძო აუდიტის მომსახურება საკმაოდ ძვირი დაჯდება
ახალი ინიციატივა – მეწარმეების შემოწმება შემოსავლების სამსახურის ნაცვლად კერძო აუდიტორების მიერ, საპილოტე რეჟიმში უკვე ამოქმედდა და რამდენიმე თვეში უნდა ჩამოყალიბდეს მეთოდოლოგია, რითაც შემდგომში აუდიტორები იხელმძღვანელებენ. კერძო აუდიტორს მომსახურებაში მცირე მეწარმეები 1000-დან 2000-მდე ლარს გადაიხდიან, ხოლო მსხვილ ბიზნესს აუდიტორული შემოწმებისთვის 30000-40000 ლარის გაღება მოუწევს.
პროექტის მესვეურთა აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ კერძო აუდიტორის მიერ ჩატარებული შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში მეწარმეებს ჯარიმის გადახდა არ მოუწევთ, ეს მათთვის მისაღები თანხა უნდა იყოს.
რამდენად მართებულია ეს მოსაზრება, მას შემდეგ გაირკვევა, რაც პროექტი სრული დატვირთვით ამოქმედდება. ეს კი 2012 წლიდან იგეგმება.