საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. ქართული ცხენოსნობის განვითარებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ის არ მხოლოდ სპორტის სახეობა, არამედ ჩვენი კულტურა და ტრადიციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში, საცხენოსნო კლუბში „ხარება“ სტუმრობისას განაცხადა.
„როგორც „ენგურჰესია“ ხიდი აფხაზეთთან, ასევე ცხენი და ცხენოსნობა არის ხიდი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის და ზოგადად, გამაერთიანებელი. აუცილებელია, არსებობდეს ბევრი საჯინიბო და მათ რეგიონისა და ცენტრალური ხელისუფლებისგან ხელშეწყობა ჰქონდეთ.
საჭიროა, აქ იმართებოდეს დიდი შეჯიბრები, სადაც აფხაზებიც ჩამოვლენ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. საჭიროა, ამ ადგილს მისი კუთვნილი, ისტორიული ფუნქცია დავუბრუნოთ და არ დავივიწყოთ, რომ ცხენოსნობას ქართული სახელმწიფოსა და ქართული მხედრობისთვის კიდევ სხვა დატვირთვა აქვს.
თუ ამ ყველაფერს ერთად გავიაზრებთ და ტურიზმის მიმართულებასაც დავამატებთ, ეს მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაცოცხლებელი დარგია. მივხედოთ ამ დარგს!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
2016 წელს დაარსებული საცხენოსნო კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებსა და მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა.
როგორც USAID-ის მიერ დაფინანსებული საცხენოსნო კლუბის დაფუძნებული, დეკანოზი იაკობ ეხვაია აცხადებს, თანამედროვე ტექნოლოგიების სივრცეში მოზარდი თაობა გაუცხოებულია ბუნებასთან და ამიტომ მნიშვნელოვანია ცხენოსნობის განვითარება.
კლუბის დამფუძნებელმა საქართველოს პრეზიდენტს კლუბის განვითარების შესახებ შემუშავებული პროექტი წარუდგინა და მისი თანადგომის სურვილი გამოთქვა.