საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიას ჯონ პენელი უხელმძღვანელებს. USAID საქართველოს მისიის ოფისმა „სამოქალაქო საქართველოს“ ინფორმაცია დაუდასტურა და უთხრა, რომ იგი უფლებამოსილების შესრულებას აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში შეუდგება.
კავკასიის მისიის ხელმძღვანელად დანიშვნამდე, ჯონ პენელი USAID-ის რეგიონული წარმომადგენელი იყო ლიბანში. მანამდე, 2015-2019 წლებში, მას უკრაინასა და ბელარუსში USAID-ის რეგიონული მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა და „მისიის საქმიანობასა და რუსეთის დამღუპველი გავლენის წინააღმდეგ მის ძალისხმევას ეხმარებოდა“.
1999-2001 წლებში პენელი უკრაინაში მსახურობდა. ამას გარდა, მას ნაირობიში USAID-ის აღმოსავლეთ აფრიკის მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ასევე, სხვადასხვა მენეჯერულ და ტექნიკურ თანამდებობებს იკავებდა სააგენტოს მისიებში ავღანეთში, სალვადორში, ინდონეზიაში, ერაყსა და უზბეკეთში.
იგი ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორის ხარისხის კანდიდატია საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევებში. ამასთან, ფლობს აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ეროვნული ომის კოლეჯის მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.
პენელს ასევე მიღებული აქვს ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში, ასევე ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკაში.