პოლიტიკა
საქართველო მომავალ წელს ავღანეთში დამატებით ბატალიონს გაგზავნის

avRaneTi„საქართველო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში დამატებით ბატალიონს მომავალ წელს გააგზავნის“, – იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, ამ თემაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) სარდალმა დევიდ პეტრეუსმა ბრიუსელში 9 ივნისს გამართულ შეხვედრაზე.

„გენერალი პეტრეუსი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ ეს იქნება საქართველოს მიერ შეტანილი დიდი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში, ამით ქართველი სამხედროები მიიღებენ უნიკალურ გამოცდილებას“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნაზე საქართველოს გეგმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თეთრმა სახლმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის რომში გამართული შეხვედრის შესახებ პრესრელიზი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საქართველო ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ISAF-ში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი გახდება. ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი – 1 550-კაციანი კონტინგენტით ავღანეთში ნატოს არაწევრი ავსტრალია არის წარმოდგენილი.

საქართველოს, რომელსაც ავღანეთში უკვე ჰყავს 900-ზე მეტი სამხედრო, 8 ჯარისკაცი დაეღუპა მას შემდეგ, რაც ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას 2009 წლის ნოემბრიდან შეუერთდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ და გენერალმა პეტრეუსმა იმსჯელეს საქართველოში ნატოს სტანდარტების რეგიონული საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივაზეც.

„გენერალი პეტრეუსი მიესალმება ინიციატივას, შეიქმნას საქართველოში ცენტრი, რომლის მთავარი მიზანია საერთაშორისო ოპერაციებისთვის გადასროლისწინა წვრთნების განხორციელება. ცენტრის შექმნის საკითხში საქართველოს ნატოს სრული მხარდაჭერა აქვს“, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის უწყება.

ბაჩო ახალაიამ ნატოს შტაბბინაში, სადაც 8-9 ივნისს ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალი იმართება, მონაწილეობა მიიღო ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში.