ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროს ბადრი ბიწაძეს გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა, თუმცა მთავარ პროკურატურას მის მიმართ არანაირი შემდგომი შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ ბრალდებული გირაოს გამოყენების პირობას დაარღვევს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
იუსტიციის სამინისტროში, რომლის სტრუქტურულ ერთეულსაც წარმოადგენს პროკურატურა, აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ახალი არაფერია. საქალაქო სასამართლოს თქმით, შემდგომი ქმედებისთვის სასამართლოს პროკურატურამ უნდა მიმართოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ბიწაძეზე ძებნა ჯერ არ არის გამოცხადებული. „როგორც ჩანს, იგი საქართველოში არ იმყოფება“, – განაცხადა შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.
ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი 26 მაისის მოვლენების შემდეგ უცნობია. ბურჯანაძის განცხადებით, მან არ იცის, სად იმყოფება მისი მეუღლე, თუმცა, რომც იცოდეს ამის შესახებ არ იტყვის.
„ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი გირაოს გადახდას და ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებას ტერორისტ ხელისუფლებასთან“, – განუცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.