სამართალი
ნიკა მელია: რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა-განაგრძობენ თავდასხმას აშშ-ზე და ჩვენს მეგობრებზე, ამჯერად ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ილვესზე, რომელიც სხვა ევროპელ პრეზიდენტებთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებას ეხმაურება.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, რუსული ოცნების მმართველობის პიროებებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, „წევრობაზე ხომ ოცნებაც არ ღირს“.

„რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა. სტრატეგიული პარტნიორის მეგობრულ რჩევებს „ინსტრუქციებად“ ასაღებენ და ამ კონტექსტში უტიფრად საბჭოთა წარსულს ახსენებენ.

რუსული ოცნების ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი საქმიანობის რამდენიმე ასპექტს:

1. არ აპირებენ ევროკომისიის რეკომენდაციების, კერძოდ ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნის - რეალური სასამართლო რეფორმის ჩატარებას;

2. ღიად და დაუფარავად აცხადებენ რომ არ დათმობენ სასამართლო სისტემას;

3. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ იმ მოსამართლეების მიმართ ვინც არ ემორჩილება რუსულ ოცნებას და კლანს;

4. განაგრძობენ თავდასხმას აშშ-ზე და ჩვენს მეგობრებზე, ამჯერად ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ილვესზე, რომელიც სხვა ევროპელ პრეზიდენტებთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოში.

5. განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსული ოცნების მმართველობის პირობებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, წევრობაზე ხომ ოცნებაც არ ღირს“,- წერს მელია.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა მორიგი წერილი გაავრცელეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა საელჩოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, საელჩოს ინსტრუქცია კი გამაოგნებელია.

ამასთან, წერილში საუბარია ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ილვესის განცხადებაზეც. მათი შეფასებით, გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც პირველად საელჩოს და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლობისტის, თომას ილვესის პირით გაახმოვანეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ნაცვლად იმისა, რომ მათ განცხადებაზე „საელჩოს ჯანსაღი რეაქცია ჰქონოდა, ახლა ისინი ქვეყანას, სანქცირებული საქონლით ვაჭრობის მოგონილი საბაბით, უკვე საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან.