საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. დედის მკვლელობაში ბრალდებულის და მისი მეგობრის საქმის პროკურორის, გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რომ მათ განზრახ მკვლელობა ერთად, ჯგუფურად უნდა ჩაედინათ.
მისივე თქმით, მკვლელობის მოტივი გენდერული შეუწყნარებლობა იყო.
პროკურორის განცხადებით, ორივე ბრალდებულს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.
„საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე და ბრალდებულების ასაკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აუცილებლად დაინიშნება, როგორც ფსიქიატრიული ასევე, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ბრალდებულების პიროვნებების შეფასების მიზნით," - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
შემდეგი სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
პროკურატურის ინფორმაციით, 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.