საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: „ენგურჰესს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ეს არის ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ სამეგრელოში „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტშია შეტანილი.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ენგურჰესს“ საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ახლა დაიწყო „ენგურჰესის“, როგორც ინდუსტრიულ-ტურისტული პუნქტის აღდგენა, რომელსაც მიმდინარე წელს დასათვალიერებლად უკვე 20 000 ტურისტი სტუმრობდა. სვანეთის გზაზე ეს არაჩვეულებრივი ადგილი, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პუნქტი გახდება. „ენგურჰესს“ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა. ეს არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამავდროულად, „ენგურჰესს“ საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ენერგოპროდუქციის 40% აქედან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული „ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს. გადავხედოთ აქაურ ბუნებას, რამდენად მდიდარია ის, რამდენად მდიდარია „ენგურჰესის“ პოტენციალი, რამდენად სჭირდება საქართველოს ეს პოტენციალი და რამდენად სჭირდება ეს ხიდი ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ენგური ატრაქციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძე, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს „ენგურჰესზე“ უმასპინძლა აცხადებს, რომ „ენგურჰესს“, როგორც ტურისტული დანიშნულების ობიექტს, პოპულარიზაცია სჭირდება და პრეზიდენტის დღევანდელი სტუმრობაც სწორედ ამას შეუწყობს ხელს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს კაშხლის, როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში ვათვალიერებთ არა მარტო კაშხალს და მის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ „ენგურჰესის“ იმ მნიშვნელოვან ადგილებს როგორიცაა, მაგალითად აკვედუკი, ერთ-ერთი უზარმაზარი და დიდი ბეტონის ხიდი, რაზეც გადადის წყალი, რომელიც მოემართება მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურისთვის. ეს ნაგებობა მართლა გამორჩეულია, რომელსაც წყლის მატება დაკლებასთან ერთად, აქვს ამპლიტუდა, გადახრა. ამ ნაგებობაში ძალიან ბევრი საინჟინრო ღირებულებაა ჩადებული, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართველი ინჟინრები, რომლებიც ამას აპროექტებდნენ, ფუნდამენტურ მეცნიერებაზე დაყრდნობით აკეთებდნენ ყველაფერს იმ პერიოდში. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხორციელდება დიდი პროექტი, რომელსაც თავისი ეტაპები აქვს და დრო სჭირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, „ენგურჰესის“ კაშხალი, წელს უკვე ვიზიტორებისთვის გაიხსნა და მაისიდან უკვე 20 000 ვიზიტორი გვყავდა“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

„ენგურჰესის“ უნიკალური თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა თაღოვან კაშხლებში და მეექვსე ადგილზეა ზოგადად კაშხლებს შორის, ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი უდიდესი ინფრასტრუქტურით.

ენგურის მდიდარი ჰიდროენერგორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო, თუმცა იმ დროისთვის ენგურის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა.

„ენგურჰესის“ კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები. ამჟამად პროექტს „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მისი შვილობილი კომპანია „ენგური ატრაქცია“ ახორციელებს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პესსამსახური ავრცელებს.