პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

 საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მადლიერებას გამოვხატავ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების – საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ალბანეთის, ასევე იაპონიისა და მალტის (საბჭოს მომავალი წევრების რანგში) მიმართ, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის განხილვის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-14 წლისთავს ეძღვნება. ასეთი განცხადებების მეშვეობით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია მინისტრის „ტვიტერის“ გვერდზე.

15 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. სხდომის დასრულების შემდეგ კი, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ექვს სახელმწიფოს- საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ალბანეთის და საბჭოს მომავალი წევრების, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლები მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ.